
სოხუმი ქართველ მინისტრს პასუხობს: “არაფორმალური დიალოგის იდეა აბსოლუტურად არარეალისტურია"
23/12/2020 14:01:05 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებას არაფორმალური დიალოგის თაობაზე ეხმიანება და აღნიშნულს "არარეალისტურ იდეას" უწოდებს.
“თბილისი აფხაზეთს აღიქვამს, როგორც “თემს”, “დე ფაქტო რეჟიმს”, “ოკუპირებულ ტერიტორიას” და ა.შ. აქედან გამომდინარე, ქართველი მინისტრის წარმოდგენაში აფხაზეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ არაფორმალური შეიძლება იყოს. თუმცა ასეთი მიდგომით, როგორც არ უნდა აფართოებდეს “დიალოგის პლატფორმას” თბილისი, კონსტრუქციულს ვერაფერს მიაღწევს. აფხაზეთი არ აპირებს მსგავსი დიალოგის წარმოებას საქართველოსთან და თავად ასეთი დიალოგის იდეას აბსოლუტურად არარეალისტურად მიიჩნევს. აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, ვისაუბროთ, თუ თბილისი გადახედავს საკუთარ კურსს აფხაზეთის მიმართ, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეათანხმებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს და უარს იტყვის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პირობები”, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
22 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ თბილისი მზადაა, გააფართოოს არსებული დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან:
"ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის".