Accentnews.ge
რატომ აკავებენ უკანონოდ ადამიანებს «მეგობარი» და «მოკავშირე» აფხაზეთისა და რუსეთის საზღვარზე

რატომ აკავებენ უკანონოდ ადამიანებს «მეგობარი» და «მოკავშირე» აფხაზეთისა და რუსეთის საზღვარზე

23/12/2020 18:15:36 კონფლიქტები

შორეულ 2009 წელს რუსეთმა და აფხაზეთმა გააფორმეს ძალზე უცნაური შეთანხმება «აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების დასაცავად ერთობლივი ძალისხმევის შესახებ». რატომ - უცნაური? იმიტომ, რომ დოკუმენტის პუნქტები ითვალისწინებს არა იმდენად ორი ქვეყნის საზღვრების ერთობლივ დაცვას, რამდენადაც ყველა აფხაზური სტრუქტურის უპირობო დაქვემდებარებას სწორედ ამ მიზნით აფხაზეთში შექმნილი «რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთვის».

მაშინ, 2009-ში ეს დამონება შენიღბეს «გაზნრახვად, განევითარებინათ მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსასარგებლო თანამშროლობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე «რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ» 2008 წლის 17 სექტემბრის შეთანხმების დებულებების რეალიზებისთვის, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საერთო ინტერესიდან გამომდინარე». მაგრამ ესოდენ სერიოზული და ხმამაღალი სახელწოდების უკან აფხაზური მიწების ჩვეულებრივი მითვისება იმალებოდა.

ამ თითქოსდა კეთილი საქმის საფარქვეშ აფხაზეთი დაავალდებულეს, მიენიჭებინა რუსული სასაზღვრო სამსახურისთვის დოკუმენტურად დადასტურებული უფლება, უსასყიდლოდ ესარგებლა მიწის ნაკვეთებითა და უძრავი ქონებით, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენს (პუნქტი 7). მეტიც, ამ დოკუმენტმა სრულად უზრუნველჰყო რუსი სამხედროების დაცულობა ნებისმიერი სასჯელისგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი აფხაზეთის კანონმდებლობას დაარღვევენ, მაგალითად, ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს მოკლავენ (პუნქტი 12).

გარდა ამისა, რუსი სამხედროები გაათავისუფლეს ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლისგან, რომელსაც აფხაზური კანონმდებლობა ითვალისწინებს (პუნქტი 13).

ეს არცთუ ვრცელი დოკუმენტი გამახსენა ისტორიებმა, რომლებიც აგერ უკვე მერამდენე თვეა, აშფოთებს აფხაზურ საზოგადოებას. ყველა ეს ამბავი დაკავშირებულია ფსოუს საზღვართან, სადაც აფხაზეთის მკვიდრნი როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით საათობით დგანან გრძელ რიგებში.

თუ საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ 2009 წლის შემდეგ ხელმოწერილ დოკუმენტებს გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ მათში დიდად არაფერი შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ზოგიერთი ფორმულირება და ურთიერთქმედების წრე. უცვლელია მთავარი — აფხაზეთის ვალდებულებები რუსეთის ფედერაციის მიმართ. 2009 წლიდან არც ერთ ასეთ დოკუმენტში არ დაფიქსირებულა უფლებები აფხაზური მხარისა, რომლის ტერიტორიაზეც სრულიად კანონიერ საფუძველზე ათასობით რუსი სამხედროა განთავსებული.

პირველი შეთანხმების გაფორმებიდან 11 წელი გავიდა, ვითარება კი როგორი საგანგაშოც იყო, ისეთია დღესაც. მედიას არაერთგზის გაუშუქებია სკანდალები, რომელიც აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე ხდებოდა: გამშვებ პუნქტ «ფსოუს» მორიგი ხელმძღვანელის ხუშტურით ან მოსკოვიდან მიღებული ბრძანებით წესდება შემოწმების «დამატებითი წესები» და გარდა ამისა, ორი «მეგობრული» და «მოკავშირე» ქვეყნის საზღვარზე ადამიანებს უკანონოდ აკავებენ.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი სკანდალი გასულ კვირას მოხდა. აფხაზეთის პარლამენტის წევრი, რომელიც, სხვათა შორის, რუს სამხედროებზე მეტი იმუნიტეტითა და ხელშეუხებლობით სარგებლობს, სახელმწიფო საზღვარზე «შინაურული საუბრისთვის» დააკავეს. ალმასხან არძინბა რესპუბლიკაში ოპოზიციის წარმომადგენლადაა ცნობილი. 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე მან თავის მოგვარეს — ეკონომიკის ექს-მინისტრ ადგურ არძინბას დაუჭირა მხარი. ალმასხან არძინბა ადგურ არძინბას ოპოზიციური ორგანიზაცია «აფხაზური სახალხო მოძრაობის» წევრია და არასოდეს მალავდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესებისადმი, რომელიც, მათ შორის, აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. თავად პარლამენტარის ინფორმაციით, 15 დეკემბერს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებმა მას კითხვები დაუსვეს პოლიტიკური შეხედულებებისა და სადეპუტატო საქმიანობის შესახებ. «…როგორც ჩანს, მსგავსი მეთოდებით სურთ პირადად ჩემი დაშინება და ამავდროულად ყველა დანარჩენი ოპოზიციონერისთვის იმის ჩვენება, რომ შეუძლიათ, მათ სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნან», - დაწერა ალმასხან არძინბამ «ფეისბუქში» პირად გვერდზე. დეპუტატმა მომხდარში აფხაზეთის ხელისუფლება დაადანაშაულა, რომელსაც, მისი ხედვით, «არ გააჩნია უნარი, კონსტრუქციული საუბარი აწარმოოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან». ალმასხან არძინბამ ის ფაქტიც აღნიშნა, რომ მსგავსი «ინიციატივები» ზიანს აყენებს აფხაზეთ-რუსეთის სამოკავშირეო და მეგობრულ ურთიერთობებს.

არ ვიცი, აქვს თუ არა რუსი მესაზღვრეების თვითნებობასთან კავშირი აფხაზეთის ხელისუფლებას, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციას უყვარს, სწორედ ასეთი მეთოდებით აიძულოს მისი ქმედებებით უკმაყოფილო მოქალაქეები, დადუმდნენ, უდავოა.

«როდესაც ჩერქეზული სამყარო აჯანყდა იმის გამო, რომ წმინდა ადგილზე, სადაც კავკასიური ომის დროს, სხვადასხვა მონაცემებით, 36 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაღაც გასართობი ცენტრის მშენებლობა დააპირეს, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩვენს ადიღ ძმებს შევერთებოდით. გავედით აფხაზეთიდან, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავაღწიეთ. დაგვაკავეს რუსმა მესაზღვრებმა და ყველანი გამოგვკეტეს. საქმე მაშინ იქამდე მივიდა, რომ ლამის ტერორიზმში დაგვადანაშაულეს», - ყველა ჩვენი თანამოსაუბრე არკადი. მამაკაცის თქმით, მას შემდეგ მან აფხაზეთიდან გასვლა სულ ერთი-ორჯერ სცადა, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც პრობლემებს «აღმოუჩენდნენ», რომელთა გამოც რუსი «ეფესბეშნიკები» უკან აბრუნებდნენ. «აი, ასე ვზივარ სამშობლოში, არსად გავდივარ 2017 წლიდან. ან როგორ გავიდე, როცა როგორც მშიერი ძაღლები - ძვალს, ისე მეცემიან ხოლმე რუსი მესაზღვრეები?! და ჩემნაირი სიებში უამრავი ჰყავთ», - ამბობს არკადი.

ჩვენი მეორე თანამოსაუბრე — ემზარი თვლის, რომ ვითარება აფხაზეთში იმდენად დამძიმდა, რუსებს ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, ადგილობრივ მოსახლეობას თავისი ჯარი დაუპირისპირონ. «აქ ისინი ათობით ათასნი არიან. მათ გააჩნიათ იარაღის გამოყენების უფლება და ამისთვის პასუხს არავინ აგებინებთ. ერთი ბრძანება მოსკოვიდან — და აქ ყველას სახლებში გამოგვკეტავენ, ფანჯრიდან გახედვის უფლებაც კი არ გვექნება. დავიჯერო, დარჩა ჩვენში ვინმე, ვინც ამას ვერ ხვდება?! რუსეთი გვაიძულებს, ხმა ჩავიგდოთ, წინააღმდეგობა შევწყვიტოთ და როგორც ჩანს, დასახულ ამოცანას წარმატებით ართმევს თავს», - ამბობს ახალგაზრდა.

უკვე ორი თვეა, აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთთან საზღვარზე მრავალკილომეტრიან რიგებში დგომით იღლება. ვინ აღარ სცადა პრობლემის მოგვარება — თვით პრეზიდენტმაც კი, მაგრამ ვითარება მხოლოდ უმნიშვნელოდ სწორდება და ისიც — მცირე დროით, ორიოდ დღეში ყველაფერი ძველ მდგომარეობას უბრუნდეა.

ჩვენი თანამოსაუბრეების აზრით, ეს აფხაზეთზე, მის მოქალაქეებზე ზეწოლის ხერხია, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს პრიმიტიული მეთოდები საუკეთესოდ ზემოქმედებს რიგით მოქალაქეებზე, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ საზღვრის სრულად ჩაკეტვის, შემდგომი ბლოკადისა და უპენსიოდ დარჩენის.

ჰოდა, გამოდის, რომ რუსეთისთვის მეგობრობის, მოკავშირეობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება ცარიელი სიტყვებია. აფხაზეთს იგი აღიქვამს მსხვერპლად, რომელიც თავს ნებაყოფლობით სწირავს. მაშასადამე, დიდ მეზობელს შეუძლია, ესოდენ სუსტ და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პარტნიორს ისე მოექცეს, როგორც მოისურვებს. ენდომება — დამოუკიდებლად დატოვებს, გადაიფიქრებს — და გადააქცევს თავის მორიგ უკანა ეზოდ. რუსეთის მიერ კეთილი ქველმოქმედის როლის თამაშის აფხაზეთში აღარ სჯერათ. მართალია, 20-წლიანი დაგვიანებით, მაგრამ ხალხი მიხვდა, რომ რუსული სახელმწიფოს რეალური ზრახვები ძალზე შორსაა აფხაზი ხალხის საჭიროებებისა და სურვილებისაგან. აფხაზეთისთვის თავს მოხვეული ჰარმონიზაცია კი სხვა არაფერია, თუ არა შერწყმა და შთანთქმა.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S