
"მსურს, დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მოწყობა საქართველოში, თუ თბილისი მოიწვევს შეერთებულ შტატებს ამის გასაკეთებლად"
24/12/2020 13:28:06 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
"მსურს, დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მოწყობა საქართველოში, თუ, რა თქმა უნდა, საქართველო მოიწვევს შეერთებულ შტატებს ამის გასაკეთებლად", - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა "აქცნტთან"საუბრისას განაცხადა.
"მე ძალიან ვამაყობ, ჩვენი ბრწყინვალე ელჩის კელი დეგნანის საქმიანობით თბილისში და აშშ–საქართველოს შორის მდგრადი სამხედრო თანამშრომლობის არსებობით. თუმცა მსურს, ეს თანამშრომლობა გაძლიერებული ვნახო; მსურს, ვნახო ძალიან ძლიერი განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ჩვენ გვინდა, საქართველოს NATO–ში გაწევრიანება უკვე 2021 წელს, არა "წევრობის სამოქმედო გეგმით", არამედ დაჩქარებული, საქართველოზე მორგებული პროცესით.
მსურს, დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მოწყობა საქართველოში, თუ, რა თქმა უნდა, საქართველო მოიწვევს შეერთებულ შტატებს ამის გასაკეთებლად. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია საქართველოში ლოგისტიკისა და როტაციული ძალების განთავსება.
ასევე მსურს, ვხედავდე საქართველოსა და აშშ-ს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხრეთ კავკასიაში კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით. ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადება რეგიონში, გამოიწვევს იმას, რომ აშშ–ისა და ევროპის ქვეყნების მთავრობები უფრო მეტად გაამახვილებენ ყურადღებას რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. ეს არის ის, რისი ხილვაც კრემლს არ სურს", – განაცხადა ჰოჯესმა.