
როდის და რომელ უბნებში ამოქმედდება ზონალური პარკირება
03/07/2019 07:29:56 სხვა, საზოგადოება
დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ზონალური პარკირება პირველ აგვისტოს კონკრეტულ ქუჩებზე ამოქმედდება, შემდეგ კი ეტაპობრივად სხვა უბნებშიც.
მერის თქმით, "ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომაა და მერია ახალ ველოსიპედს არ იგონებს":
„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებული სიახლე ჩვენი ქალაქისთვის, თუმცა პირველ ეტაპზე, როგორც საპილოტე პროექტი ისე ვახორციელებთ მას. ავიღეთ რამდენიმე ქუჩა და გვინდა ამ კონკრეტულ ლოკაციაზე შემოვიტანოთ პირველად ზონალური პარკირება. დიდი იმედი მაქვს, წარმატებით ჩაივლის პირველი პროექტი. პირველი აგვისტოდან ამოქმედდება ეს სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ავტომობილების გაჩერება იქნება უფასო. პირველი და მთავარი, რაც უნდა გააკეთოს ადგილობრივმა მოსახლეობამ არის თავიანთი ავტომობილების რეგისტრაცია სისტემაში. ჩვენ ლესელიძის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მივიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოხდეს მანქანის რეგისტრაცია. ეტაპობრივად გადავალთ სხვადასხვა უბნებში. ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომა. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ“.