
"ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი შედის ძალაში" – რას გულისხმობს რეფრმა
03/07/2019 07:36:45 სხვა, საზოგადოება
10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე, სადაც ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი. შედეგად, ამოქმედდება ორი კატეგორიის – A და B ნებართვა.
„A კატეგორია არის თეთრი ფერის ტაქსები, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსები, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეკვეთას იღებს აპლიკაციის ან სატელეფონო საშუალებით შეტყობინების საფუძველზე. ჩვენ 1-ელი ივლისიდან დავიწყეთ აღნიშნული ტაქსების კატეგორიად დაყოფა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსის ნებართვის მფლობელი სისტემაში უთითებს, თუ რომელი კატეგორიით სურს მას საქმიანობის გაგრძელება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ასევე იუსტიციის სახლი ერთვება ამ პროცესში,“ - განაცხადა თბილისის მერმა.