
ივნისში ინფლაციამ 4.3% შეადგინა - გაიზარდა სურსათის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის ფასები
03/07/2019 07:46:00 სხვა, ეკონომიკა, საზოგადოება
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში საქართველოში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა. ინფლაციაზე იმოქმედა 6.5%-ით გაზრდილმა ფასებმა სურსათისა უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ფასების მატება დაფიქსირდა ჯანდაცვის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს, ასევე ტრანსპორტის ჯგუფზეც.
ცალკეული პროდუქტების მიხედვით, ინფლაცია ასეთი იყო:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (13.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი (4.3 პროცენტი), ასევე შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11.6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.1 პროცენტით, რაც 1.33 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (42.7 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.1 პროცენტი);
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 2.9 პროცენტით, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).