
ბაქო ყარაბაღის მეორე ომში დაღუპული და დაკარგული სამხედროების მონაცემებს აქვეყნებს
29/12/2020 05:29:20 კავკასია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2 823 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა,– იუწყება ადგილობრივი მედია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა, სადაც დაღუპულ მეომართა ფოტოები, სახელები, გვარები, დაბადების თარიღი და სამხედრო წოდებებია მითითებული.
სამინისტროს განცხადებით, უგზოუკვლოდ დაკარგული 30 სამხედრო მოსამსახურის ძებნა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, 50 პირის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ იმ ომში 2718 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, თუმცა ეს ციფრი ზრდას განაგრძობს.
2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, მოსკოვის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა, რასაც იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება და რეგიონზე ბაქოს ნაწილობრივი კონტროლი მოჰყვა.