
კალიაგინი: "რასაც რობიკო სტურუა მიყვება, საქართველოში სიტუაცია საშიშია"
03/07/2019 08:24:54 სხვა, საზოგადოება
თეატრ „ეტ სეტერას“ სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრ კალიაგინი საქართველოში გასტროლებისთან თავს იკავებს. როგორც მან MK.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ითვალისწინებს ქარველი რეჟისორის რობერტ სტურუას ნაამბობს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.
"თუ იმას გავითვალისწინებთ, რასაც ტელევიზორიში ვხედავ და რასაც მედია ავრცელებს, და ასევე იმის გათვალისიწინებით, რასაც მე რობიკო (რობერტ სტურუა) მიყვება, სიტუაცია იქ საშიშია. მე ვიცი, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, თუმცა ამავე დროს ფეთქებადი ხასიათის - საკმარისია ერთი ნაპეწკალი, რომ იფეთქონ. ამიტომ, ამ ეტაპზე მე იქ წასვლისგან თავს შევიკავებდი“, - განაცხადა თეატრ „ეტ სეტერას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრ კალიაგინმა.
პუშკინის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ევგენი პისარევის განცხადებით კი, აუცილებლად წავლენ თბილისში გასტროლებზე,
„საქართველოში პირველ დაძახებაზე წავალთ. იქ არის ჩემი ფესვები, იქ არიან ჩემი მეგობრები, რომლებმაც დიდი სიყვარული და მეგობრობა მაჩუქეს“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, საქართველოში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას რუს არტისტებს მოუწოდა არ წავიდნენ გასტროლებზე საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.