2020 წელი – რუსი დიპლომატების გაძევების ბუმი

29-12-2020 18:00:06 ანალიზი

როგორც ირკვევა, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, 2020 წელი ყველაზე „მოსავლიანი“ დიპლომატების გაძევების კუთხით რუსეთისთვის გამოდგა. მათ, ძირითადად, ჯაშუშურ სკანდალებში მონაწილეობა ბრალდებოდათ. თავის სტატუსს ამოფარებული რუსი დიპლომატები ან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ ან კავშირში იყვნენ წყაროებთან, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან. თუმცა, მაინც ყველაზე დიდი ოდენობით რუსი დიპლომატები 2018 წელს განაშორეს დიპლომატიურ სამსახურს მას მერე, როცა დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის ფაქტი მოხდა. მაშინ ინგლისიდან, ევროკავშირისა და სხვა მრავალი ქვეყნიდან 160 რუსი დიპლომატი გააძევეს. ამ სახელმწიფოებს შორის საქართველოც იყო. ეს ნაბიჯი წარმოადგენდა კოლექტიურ პასუხს ერთმანეთის სოლიდარული და ცივილიზებული ქვეყნებისა, რომლებმაც კრემლის აგრესიას გაერთიანებული ძალებით უპასუხეს.

2020 წელი ამ კუთხით იმიტომაა საინტერესო, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში რუსული ხელის „ფათურის“ ბევრზე ბევრი ფაქტი დაფიქსირდა და გამოვლინდა. პირველობა ამ მხრივ ბულგარეთს ეკუთვნის – 2020 წლის იანვარში ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი, ანატოლი მაკაროვი დაიბარა. მას გადასცეს ნოტა, რომლითაც 2 რუსი დიპლომატის გაძევება იყო მოთხოვნილი. მათ ჯაშუშობაში ედებოდათ ბრალი და ბულგარეთი 48 საათში უნდა დაეტოვებინათ. ამავე წლის 23 სექტემბერს ბულგარეთის პროკურატურამ კიდევ 2 რუს დიპლომატს დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი ბულგარეთის მოქალაქეებს საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში ფულს სთავაზობდნენ. 18 დეკემბერს ბულგარეთმა კიდევ ერთი რუსი დიპლომატი გააძევა. ორივე შემთხვევაში, ქვეყნის დასატოვებლად მათ 72-საათიანი ვადა მისცეს.

2020 წლის ივნისი ძალიან სკანდალური გამოდგა ჩეხეთში, სადაც „რიცინის“ საქმე გასკდა – მედიის ინფორმაციით, პრაღაში ჩავიდა რუსეთის მოქალაქე დიპლომატიური პასპორტით, რომელსაც ჩემოდანში პრაღელი ჩინოვნიკების მოსაწამლად „რიცინი“ ჰქონდა. როგორც ჩეხეთის გავლენიანი მედია წერდა, პრაღასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა „გაყინვის წერტილს ქვევით დავიდა“. ამასთანავე, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჩეხეთის საგარეო სამინისტრო ითხოვს, რომ რუსეთის საელჩომ თანამშრომლების შტატი 150-დან მისაღებ დონემდე დაიყვანოს.

2020 წლის 16 აგვისტოს 3 რუსი დიპლომატი სლოვაკეთმა გააძევა. ამ ქვეყნის ხელისუფლების აზრით, ისინი რუსული სპეცსამსახურების მზვერავები იყვნენ. სლოვაკეთმა ეს ნაბიჯი იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გადადგა, რომელიც მას, როგორც შენგენის წევრ ქვეყანას, გააჩნია. საქმე ეხება 2019 წელს ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს. გერმანულ პროკურატურას მიაჩნია, რომ მკვლელობასთან კავშირში მყოფმა ვინმე დავიდოვმა, რომელიც რუსული სპეცსამსახურის დავალებით მოქმედებდა, შენგენის ვიზა სლოვაკეთის საკონსულოში, სანქტ პეტერბურგში მიიღო. ასევე, სლოვაკური პრესა წერს, რომ სლოვაკეთში მომუშავე რუსი დიპლომატების დიდი ნაწილი ჯაშუშობით არის დაკავებული.

2020 წლის 19 აგვისტოს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი გააძევა, რომელიც ჯაშუშობაში ბრალდებულ, ნორვეგიის მოქალაქესთან იყო დაკავშირებული.

2020 წლის 24 აგვისტოს ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუს დიპლომატს აძევებს „ვენის კონვენციასთან შეუსაბამო ქცევის გამო“. დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა, საუბრობენ იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს დიპლომატი ეკონომიკურ ჯაშუშობაში ამხილეს.

2020 წლის მიწურულ, 11 დეკემბერს ნიდერლანდებმაც აუწყა მსოფლიოს, რომ დიპლომატიური პასპორტის მქონე ორ რუს მზვერავს აძევებს. ისინი ხელოვნური ინტელექტისა და ნანოტექნოლოგების კუთხით ეძებდნენ ინფორმაციებს. ნიდერლანდების სპეცსამსახურის განცხადებით, ეს ორი ადამიანი რუსული სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი იყო.

და ბოლოს, კრემლისთვის ასეთი სკანდალური 2020 წელი კოლუმბიელებმა დააგვირგვინეს – 22 დეკემბერს მათ 2 რუსი დიპლომატი გააძევეს, რომელიც ჯაშუშობაში იყო შემჩნეული. არსებული ინფორმაციით, ალექსანდრ პარისტოვი და ალექსანდრ ბელოუსოვი ორი წლის განმავლობაში სამხედრო და ეკონომიკურ დაზვერვას აწარმოებდნენ.

ყველა დასახელებულ და მსგავს შემთხვევაში, კრემლი „სარკისებური ზომებით“ პასუხობს ხოლმე და თავადაც რუსეთიდან სხვადასხვა სახელმწიფოს დიპლომატებს აძევებს. შეიძლება ითქვა, რომ, ფაქტობრივად, მთელი 2020 წელი პესკოვი და ზახაროვა ბრიფინგების უმრავლესობის დროს ყველაზე ხშირად ამ ფრაზის გამეორება და კიდევ „გულწრფელი“ აღშფოთების გამოხატვა უწევდათ.

მართალია, დაზვერვა ყველა ქვეყანაში მუშაობს და სასურველი ინფორმაციის მისაღებად მრავალი სახის მეთოდს იყენებს, თუმცა, მაშინ, როცა ეს საქმიანობა უხეში, ძალადობრივი, მკვეთრად არალეგალური და დამაზიანებელი ხდება, მასზე უკვე აღარავინ ხუჭავს თვალს. დიპლომატიური ურთიერთობები 1961 წლის ვენის კონვენციით რეგულირდება, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს „საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია დიპლომატის სტატუსთან“. შესაბამისად, დიპლომატების გაძევება მასპინძელი ქვეყნების მთლად რადიკალურ რეაქციას წარმოადგენს, როცა უკვე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აუტანელი ხდება. ეს ოთახიდან იმ ადამიანის გაგდებას ჰგავს, რომლისთვისაც ხელის ჩამორთმევაც კი აღარავის უნდა. და უკვე შემდგარი ფაქტია, რომ 2020 წელს ეს ადამიანი და მისი სპეცსამსახური უკვე ყველასთვის აუტანელი გახდა.

ანზორ ქაფიანიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები