კობახიძე – საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: "უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, არ გვეჩქარა"

29-12-2020 19:04:21 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხოელი პარტნიორების თხოვნა იყო, საპარლამენტო უმრავლესობას საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარა.

"ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. ეს თარიღი თებერვალში მოვა და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი თებერვალში აუცილებლად ეყრება. ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრა იანვარშიც, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს ამის არგაკეთება და აღნიშნულ თხოვნას ვითვალისწინებთ", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახული 8 პარტია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") მე–10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე ჯერ–ჯერობით უარს აცხადებს. ყველა მათგანმა, გარდა “მოქალაქეების”, “გირჩის” 3 წევრისა და “პატრიოტთა ალიანსის” ერთი წევრისა, სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადა და საარჩევნო სიები გააუქმა. პარალელურად, უცხოელი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 4 რაუნდი. როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები