Accentnews.ge
ქვეყანა – მოწყალების ფასად

ქვეყანა – მოწყალების ფასად

30/12/2020 07:34:16 კონფლიქტები

შეიძლებოდა თუ არა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო? შეიძლებოდა (და ჯერ კიდევ შეიძლება, თუ გამოვიღვიძებთ, გამოვფხიზლდებით და გონს მოვეგებით)! აფხაზეთი ხომ თვალწარმტაცი ბუნებაა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული კლიმატი, უამრავი სასარგებლო წიაღისეული, წყლის სიუხვე, ნოყიერი ნიადაგი - ყველაზე ეგზოტიკური მცენარეებისთვისაც კი... რატომ არ უნდა გახდე ასეთ პირობებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ეფექტური მწარმოებელი, ტურისტული სამოთხე, ინვესტიციების კუთხით მიმზიდველი ადგილი, რომელშიც რეალურად ჩადებენ ინვესტიციებს საერთაშორისო კომპანიები (რაღაც მკარნახობს, რომ ნაურუელ და ვენესუელელ ინვესტორებს აქ კიდევ მინიმუმ, 100 წელი არ უნდა ველოდოთ)?

მაგრამ აფხაზეთი სხვა გზით წავიდა – საკუთარი მომავალი სრულად მიანდო რუსეთს, რომელთანაც 2014 წელს თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს კი – დამატებით "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამაც კანონმდებლობების ჰარმონიზების საფუძველზე”. ახლა, თუ იმით ვიმსჯელებთ, რითაც :დაგვაიმედა” 3 დეკემბერს ჩვენმა პრეზიდენტმა (განაცხადა რა, ფაქტობრივად, რომ რუსეთის გარეშე, რომც მოვინდომოთ, უკვე ვეღარ გადავრჩებით), ერთადერთი, რაც წინ გველის, რუსეთის “მეგობრების” მორიგ ალიანსში - ანუ ჩვენნაირივე წარუმატებელი ქვეყნების ახალ საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებაა, რომელსაც “სტრატეგიული პარტნიორი” თავის ინტერესებში ქმნის!

ეს როგორ? როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე ასეთი სასტარტო კაპიტალით? როგორ მოვახერხეთ, აქამდე რომ ნანგრევებში ვცხოვრობთ და ზამთრობით უდენოდ ვიყინებით? როგორ დავუშვით, რომ ჩვენი ნოყიერი მიწები დაუმუშავებლადაა მიგდებული, უმუშევრობა კი ყვავის და ახალგაზრდობას აპათიასა და ნარკომანიას აჭმევინებს? რაშია საქმე? საქმე კი სულ მცირედშია – კანონების სისტემატიურ დარღვვაში, კორუფციაში, რუსულ ფინანსურ ნემსზე ჯდომასა და, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკაში. ასე იყო წინა ხელისუფლებების დროს, ასეა ახლაც.

რით გამოიჩინა თავი გასული თითქმის ერთი წლის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ? სტრატეგიული პარტნიორის წინაშე კუდის წარუმატებელი ქიცინით, ელექტროენერგიის მარაოსებრი გათიშვებით, იმ ელემენტარული საკითხების გადაჭრის უუნარობით, რომლებიც მანამდე ასე თუ ისე წყდებოდა აფხაზეთში? სადაა ყველაფერი ის, რასაც გვპირდებოდნენ რევოლუციისა და ახალი არჩევნების შემდეგ?! გასაგებია, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოგვარდებოდა, მაგრამ პოზიტიურ ძვრებზე რაღაც მინიშნებები ხომ მაინც უნდა ყოფილიყო? - ჩვენ მათ ვერ ვხედავთ! სამაგიეროდ ვხედავთ ნიშნებს ნეგატიურის, კერძოდ, სახელმწიფოებრიობის დაკარგვისა და ყოველგვარი გაბრძოლების გარეშე ჩვენი “სტრატეგიული მეგობრის” მიერ შთანთქმის!

დიახ, არც ადრე გვქონდა მარტივი და ლაღი ცხოვრება. მაგრამ რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შედეგად მიღებული შემოსავლები ინვესტპროგრამასთან ერთად მეტ-ნაკლებად მაინც უზრუნველყოფდა ჩვენს გადარჩენას, გვაძლევდა ეკონომიკის თუნდაც მიზერულად განვითარებაზე საუბრის საფუძველს, თუნდაც მცირე ხელფასებისა და პენსიების გაცემის საშუალებასა და უკეთესი მომავლის თუნდაც მცირე იმედს. განვითარების კოლოსალური პოტენციალის მქონე ქვეყანა მეტ-ნაკლებად თავს ირჩენდა. მაგრამ პოტენციალი პოტენციალად რჩებოდა, მიზეზი კი უდავოდ პოლიტიკაა: იზოლაციის პირობებში განვითარება შეუძლებელია. ეს აქსიომაა – და რუსი “სტრატეგიული მეგობარი” ამას მარჯვედ იყენებდა, ხუჭავდა რა საკუთარ ინტერესებში თვალს აფხაზი ჩინოსნების გაუმაძღრობაზე და სულ უფრო მეტად სვამდა რა აფხაზეთს გადმოგდებული ფინანსური ნამცეცების ნემსზე, რათა X მომენტში ჩვენგან საფასური – აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა მოეთხოვა!

და აი, მომენტი მოახლოვდა: რუსეთის ფინანსური დახმარება შეწყდა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები დავიდა იმ დონემდე, რომ აფხაზეთი “მეგობარი” სახელმწიფოსთვის გასაღების ბაზრადაა ქცეული… ახლა უკვე შეიძლება, საკუთარ ინტერესებს მოარგონ კანონმდებლობაც რესპუბლიკისა, რომელიც დამოუკიდებლიდან დამოკიდებულ, “სტრატეგიული პარტნიორის” წინაშე კუდის მოქიცინე ქვეყნად აქციეს! ვისაც თანამედროვე რუსეთი ეხმარება, ჯერ არასოდეს ყოფილა კარგად. და აფხაზეთში ეს უკვე ბევრს ესმის.

პირველ ხანებში ეს თითქოს ახალ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც ესმოდა. მისი სიტყვები საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე ეკონომიკური მიზანშეწონილობითა და სტრატეგიული პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახები. ამას შეეძლო, ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში, საკუთარი მოქალაქეებისთვის ღირსეული ყოფის შექმნაში დაჰხმარებოდა განვითარებადი ეკონომიკის, ინვესტიციების, ხელსაყრელი ბიზნეს-პირობების წყალობით. მაგრამ არა! აფხაზეთის ახალმა მმართველებმა, რომლებიც არჩევნებზე ათას რამეს დაგვპირდნენ, იმედი სასწაულზე დაამყარეს და არაფერი შეასრულეს. სასწაული არა და არ ხდებოდა – ალბათ, იმიტომ, რომ სასწაულები არ ხდება! თუმცა არა – პირადად მათთვის ნამდვილად მოხდა – მათ იღებენ კრემლში, სადაც ზუსტად ასევე არიგებენ დაპირებებს.

არადა, უკვე ახლა, მრავალი მაგალითის წყალობით ცხადია და ნათელი, რომ რუსი ჩინოსნები, მიაღწიეს რა აფხაზური კანონმდებლობის მათ ინტერესებში შეცვლას, არც მომავალში მისცემენ აფხაზეთს განვითარების საშუალებას და რომ თუ მათ მიერ ნაკარნახები საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, ჩვენ რუსეთის ფედერაციის აფხაზურ ოლქად ვიქცევით! ამას გვპირდებოდა არჩეული პრეზიდენტი? ეს სურდათ ჩვენს გმირებს, რომლებმაც დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს?! რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მრავალწლიანი ტრანშების საფასურად ახლა სხვის მიერ ნაკარნახები კანონებით უნდა ვიცხოვროთ, - ასეთია ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორისა” და პრეზიდენტის ლოგიკა? ჩვენს კონსტიტუციასაც შეცვლიან, როგორც ამასწინათ “ჩაგვისწორეს” რუსეთში? მეტისმეტად დიდი ფასი ხომ არაა მორიგი მოწყალებისთვის, რომელსაც მაშინვე მიითვისებენ ისინი, ვინც ითხოვდა და ყველაფერს სთანხმდებოდა?!

სად გაქრა პრეზიდენტისა და მთავრობის ჟინი? სადაა მათ მიერ სულ ახლახანს გაჟღერებული გონივრული ინიციატივები საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე, რომელთა რეალიზება მნიშვნელოვნად და ეფექტურად იმოქმედებდა აფხაზეთის ეკონომიკაზე, შესაძლებლობას მისცემდა ჩვენს სახელმწიფოს, ნაბიჯ-ნაბიჯ დაეწყო სვლა ნორმალური ეკონომიკური განვითარებისკენ? სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაიფიქრა რიგი ეკონომიკური ნოველების რეალიზება. დამთრგუნველია მოახლოებული ჩიხი, მაშინ, როცა ქვეყანას გამოსავალი გააჩნია, მაგრამ ხელს უშლიან, გადადგას ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ!

«სტრატეგიულმა პარტნიორმა» პარტნიორობაში თავისი სტრატეგიის გადახედვა გადაწყვიტა, ხოლო მეორე პარტნიორის ახალი წარმომადგენელი ყველაფერზე თანახმაა. ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ თავის დაპირებებს ის არც ამ საკითხში შეასრულებს, ისევე, როგორც არაფერი შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებებიდან.

რინატ ქვარჩია

_________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

_______________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S