იტალიაში ექსპორტზე 10 ტონა ქართული თაფლი გავიდა

30-12-2020 14:20:15 ეკონომიკა ,რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ათი ტონა ქართული თაფლი იტალიაში ექსპორტზე გავიდა.

სამინისტროს ცნობით, 2016 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო შეიყვანა მესამე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.

ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის დაშვებას, წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოების შესაბამისი პროცედურები.

„ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვისა და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების (მძიმე მეტალები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) მონიტორინგის გეგმა. მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად იღებს 100 ნიმუშს და იკვლევს აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

კონტროლის სისტემის პარალელურად, ქვეყანაში გაუმჯობესდა ლაბორატორიული შესაძლებლობები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში დაინერგა თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია. მეფუტკრე ფერმერების ინფორმირების მიზნით, ჩატარდა საინფორმაციო აქტივობები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა დარღვევების რაოდენობა. ქართული თაფლის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხორციელდება“ – აცხადებენ სამინისტროში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები