ამნისტია შესაძლოა, პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოთ
30/12/2020 13:07:35 სამართალი
ამნისტია შესაძლოა, პატიმრობაში მყოფ სტუდენტებსაც შეეხოთ.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობისას გაისმა მოსაზრებები, რომ გამოირიცხოს კონკრეტული დანაშაულის მუხლები.
"გვინდა, სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ საპატიმროში ყოფნის პარალელურად, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ თვალსაზრისით და კარგ შესაძლებლობას გაუხსნის პირებს, რომლებსაც, თუნდაც, ამ გზით აქვთ ნაჩვენები მათი რესოციალიზაციის რეალური განზრახვა და გადაწყვეტილება", - განაცხადა სარჯველაძემ.
დღეს საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის თანახმად, ამნისტია სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს უნდა შეხებოდა, თუმცა როგორც კანონპროექტის ავტორმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, კანონპროექტს 20-მდე მუხლი დაემატება.
კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.


