სამართალდამცველებმა ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს
02/01/2021 06:11:08 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა ო.პ-მ თანასოფლელები, ს.ა, ს.ბ და ვ.ბ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ამავე დაპირისპირების დროს, ცივი იარაღით დაზიანებები მიიღო მ.ი-მ.
ს.ა მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით მომხდართან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.


