სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა
04/01/2021 16:12:09 სამართალი
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულს დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე.
გ.ჯ. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2020 წლის 30 დეკემბერს.
ინფორმაციისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით 2020 წლის განმავლობაში დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალა 408 მსჯავრდებულს“,- აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.


