სარალიძეების ადვოკატი გ.ჯ.–ს გათავისუფლებაში შერჩევით მიდგომას ხედავს
05/01/2021 11:33:04 სამართალი
2017 წელს თანატოლების მიერ მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ფიქტობს, რომ საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მიმართებაში შერჩევით დამოკიდებულებას აქვს ადგილი.
სწორედ ამაზე მიანინებს გიორგი ჯანაშიას გამოყოფა და საპროცესოს მასთან გაფორმდა. ვერ დავინახე მისი მხრიდან სიმართლის დადგენის სურვილი“,– განაცხადა ლონდარიძემ.
მისი თქმით, ოჯახი საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგი იყო.
„წინააღმდეგბი ვიყავით საპროცესოსი. ზაზას [სარალიძის მამის – რედ.]პოზიცია თავიდანვე იყო, რომ წლებთან დაკავშირებით არ იდავებდა. ამგვარი დამოკიდებულება ჰქონდა ყველა ბრალდებულთან დაკავშირებით. მთავარი იყო, რომ ყველა დასჯილიყო.
ვფიქრობ, დაუშვებელი იყო ნებისმიერ პირთან საპროცესოს გაფორმება, რადგან ვთვლი, რომ საქმეში კითხვები, ბუნდოვანება ჯერ კიდე არის და არ შეიძლებოდა გაფორმებულიყო“,– განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის: ჯანაშიასთან პროკურატურამ ჯერ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მას საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე.
გ.ჯ. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2020 წლის 30 დეკემბერს“,– იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი გ.ბ. 2 დეკემბერს დააკავა. კიდევ ერთი მოზარდი, გ.ჯ პოლიციას მკვლელობიდან მეოთხე დღეს, თავად ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ დეკემბრის პირველ დღეებში, 150-მდე ადამიანიდან, გამოძიებასთან მხოლოდ რამდენიმემ ითანამშრომლა. საბოლოოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, გამოძიებამ ბრალი წაუყენა ორ არასრულწლოვანს და სამ მშობელს. მათგან ერთ-ერთი იყო შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია. სამივე მშობელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის აგვისტოში აღკვეთის ზომა - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
31 მაისს, თითქმის ოთხთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ხორავას ქუჩის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ გ.ბ დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და მას 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გ.ჯ დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალს სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ განაჩენის შესაბამისად, უცნობი დარჩა ვინ მოკლა დავით სარალიძე.
სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას თბილისში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. მთავრობა არა, მაგრამ პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა.
2018 წლის 7 ივნისს, მუშაობა დაიწყო ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შესასწავლად პარლამენტის მიერ შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. კომისიას სათავეში ჩაუდგა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.
17 წევრიან კომისიაში საპარლამენტო უმცირესობიდან მუშაობდა: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. უმრავლესობიდან კი არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე. ფრაქციიდან "საქართველოს პატრიოტები" კომისიის წევრი იყო ადა მარშანია. საგამოძიებო კომისიაში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მოკლული მოზარდების მშობლების, საქმის პროკურორის, მოწმეების გამოკითხვის შემდეგ, საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა, რომლის თანახმადაც, უნდა დაწყებულიყო გამოძიება არასრულწლოვან გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე, რაც არ იყო გამოძიებული და ასევე, უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, რომლის შემთხვევაშიც, კომისიის განცხადებით, იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, თუმცა გამოძიება ამ კუთხით არ მუშაობდა.
კომისიის მუშაობის პროცესს დაემთხვა ხორავას ქუჩის საქმეზე დაკითხული არასრულწლოვანი მოწმის დ.ღ-ს დაკავება. მას 2018 წლის ივლისში ბრალად წარედგინა ცრუ ჩვენების მიცემა. 2019 წლის 22 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და პატიმრობის ვადად 2 წელი და 3 თვე მიუსაჯა.
ხორავას ქუჩის საქმის დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ საბოლოო დასკვნა 2018 წლის 5 სექტემბერს, 9 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. თუმცა, ეს იყო მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომელსაც არ იზიარებდა და პოლიტიზებულად მიიჩნევდა მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ და მათ 5 სექტემბერს სხდომაზე დასკვნის საკუთარი ვერსია წარმოადგინეს.
„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული 78 გვერდიანი დასკვნისა და რეკომენდაციების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა მიხეილ კალანდიას მიმართ.
ამავე დასკვნის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა მოჰყოლოდა რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებს. ასევე, კომისია ითხოვდა დაწყებულიყო გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე. ერთ-ერთ რეკომენდაციაში, ევროპული საქართველო მინისტრების: თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.
რაც შეეხება „ქართულ ოცნების“ მიერ დაწერილ დასკვნას, მასში მითითებული იყო, რომ მაგალითად, გამოძიებას არ შეუფასებია დანაშაულთან ცალკეული პირების ამა თუ იმ ფორმით შესაძლო კავშირი; მირზა სუბელიანის, მისი შვილის, ცოლის დისა და მისი შვილის მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის არ გაიჩხრიკა მიხეილ კალანდიას სახლი; გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ არის, ან დაგვიანებით არის ამოღებული. ასევე, არ დადგინდა ჩანაწერებში აღბეჭდილი ყველა პირის ვინაობა; არ ამოღებულა ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, აგრეთვე მათი მიმოწერა. არ განხორციელდა მათი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა; საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი არ დაიკითხა ან დაიკითხა დაგვიანებით და სხვა.
2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენი და მსჯავრდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. მას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მომდევნო დღეს, 4 ივნისს, შსს-მ დააკავა მიხეილ კალანდია. მას ბრალად ედება დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა.


