
ფაშინიანი უახლოეს დღეებში შესაძლოა, რუსეთს ესტუმროს
05/01/2021 14:31:37 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უახლოეს დღეებში შესაძლოა, მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავიდეს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ინფორმაციას ამ ვიზიტისა და სხვა დეტალების შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი მანე გევორქიანი არც უარყოფს და არც ადასტურებს.
სომხეთის მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზე, მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრის თაობაზე.
ახალი წლის დღეებში სომხეთში დიდი კამათი გამოიწვია ნიკოლ ფაშინიანის მინიშნებამ რუსეთთან უფრო ღრმა თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავის საახალწლო მიმართვაში ახსენა.
სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან მიმდინარე 44-დღიანი საომარი მოქმედების შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა 10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით შემუშავებულ საზავო პირობებზე, რომლის თანახმადაც, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა კიდევ სამი რაიონი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის.