
აქტივისტების ცნობით, თელავში საპროტესტო კარავს მანქანა ისევ დაეჯახა
05/01/2021 18:22:44 რეგიონები, საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ხუსკივაძე ამბობს, რომ თელავის თეატრის წინ არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად გაშლილ საპროტესტო კარავს მანქანა უკვე მეორედ დაეჯახა.
ინფორმაციისთვის: პირველად კარავს ავტომობილი ახალ წელს, 1 იანვრის დილას დაეჯახა.
ხუსკივაძის თქმით, კარავი ავტომანქანის სავალი ნაწილიდან 30-40 მეტრის დაშორებითაა გაშლილი.
იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
"არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით", "საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ" - სწორედ ეს წარწერებია მიმაგრებული კარავზე.
მსგავსი საპროტესტო კარვები გაშლილია ბათუმის მთავრობის სახლთან და თბილისში, პარლამენტის შენობასთან.