
გროზნოში სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირი გარდაცვლილები იპოვეს
06/01/2021 07:36:32 კავკასია
2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირების ცხედრები მათ ნათესავებს გადასცეს დასაფლავებისთვის. საუბარია ისლამ ისახანოვზე, მის მეუღლე – ბინაზირ ზამიდოვასა და ძმა იბრაგიმზე,– იუწყება „ნოვაია გაზეტა“.
ოფიციალური ვერსიით, აღნიშნული პირები ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამაკავშირებელ ახალ გზაზე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ. ФСБ–ს ცნობით, ნაპოვნ მანქანას ნატყვიარი აღენიშნება. რესპუბლიკის შსს–ს მოხსენებაში კი არავითარი ცნობები არ იძებნება მსგავსი ინციდენტის შესახებ: არც ავარიისა და არც დატვირთულ ტრასაზე გასროლის თაობაზე.
ისლამ ისახანოვის მეორე მეუღლემ – 14 წლის ჟასმინა საიდოვმა, რომელიც დაღესტნის მკვიდრია, მთელი ეს პერიოდი გროზნოს პოლიციის ერთ–ერთი განყოფილების ტერიტორიაზე გაატარა. ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილების წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მასთან რიგი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, ვინაიდან აღიარებითი ჩვენებები მისცა.
როგორც „კავკაზ რეალი“ იუწყებოდა, გაწული წლის 13 ოქტომბერს, დილით სპეცოპერაციის დროს ოთხი ადამიანი მოკლეს. ხელისუფლების მტკიცებით, ისინი ბოევიკები იყვნენ. გარდა ამისა, დაიღუპა ორი ძალოვანი, ერთი კი დაიჭრა.