აშშ–ის კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს

07-01-2021 03:28:48 მსოფლიო

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, „დემოკრატმა“ ილჰან ომარმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ ვაშინგტონში განვითარებული არეულობის გამო, აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის დოკუმენტს ამზადებს:

„წარმომადგენელთა პალატამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ ტრამპი გადადგეს, იგი თანამდებობიდან სენატმა უნდა გააძევოს. მას ნებას ვერ დავრთავთ, თანამდებობაზე დარჩეს“.

როგორც კონგრესმენი დასძენს, „ეს თემა რესპუბლიკის შენარჩუნების საკითხია“.

ტრამპის მხარდამჭერებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.

ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრისას დაიჭრა, გარდაიცვალა,– იუწყება NBC NEWS სამართალდამცველ ორგანოში წყაროზე დაყრდნობით.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ამერიკული მედია წერს, რომ სამართალდამცველებს მომიტინგეები კაპიტოლიუმის შენობის დასავლეთ ნაწილიდან გაჰყავთ. თუმცა, აქციის მონაწილეები კონგრესის შენობის გარეთ მაინც რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში 18:00 საათიდან კომენდანტის საათია გამოცხადებული.

ამასთან, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ კონტიმ განაცხადა, რომ არეულობის დროს 13 ადამიანი დააკავეს და არც ერთი მათგანი ვაშინგტონის მკვიდრი არ არის.

მისივე თქმით, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირს იარაღი ჩამოართვეს.

CNN-ის ცნობით, სამართალდამცავებმა ვაშინგტონში ორი თვითნაკეთი ბომბი გააუვნებელყვეს. ტელეკომპანიის წყაროების მონაცემებით, ერთი ბომბი კაპიტოლიუმის კომპლექსში იყო მოთავსებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები