
ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთს დახმარებას ვერტმფრენითაც სთავაზობს
08/01/2021 10:51:35 რეგიონები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ვერტმფრენითაც სთავაზობს.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე.
„პირველ რიგში, საქართველოს მთავრობის სახელით მინდა, წუხილი გამოვთქვა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ბოლო დღეებში შექმნილი ხანძრების გამო, რამაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნის თაობაზე, ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში. 5 იანვრის დილიდანვე ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინაარმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით, ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით. ანალოგიურად, ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის ხელშეწყობით. ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ და რეგულარულ კომუნიკაციაში ვიმყოფებით. კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.
მან აღნიშნა, რომ „ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმში არ იმყოფება, არამედ მოქმედებს“.
„საქმე ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე“, - განაცხადა ახვლედიანმა.
მან დიალოგის დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის: გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ე.წ.სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტყეების ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანა.
„პრეზიდენტმა რეგიონების ხელმძღვანელებს, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეების ევაკუაციის ორგანიზება დაავალა,“ - აცხადებენ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021