აფხაზეთი-2021: ლხინი ჟამიანობის დროს გრძელდება

08-01-2021 23:01:22 კონფლიქტები

ახალ 2021 წელს აფხაზეთში საკმაოდ ხელგაშლილად შეხვდნენ — უამრავი ატრაქციონით, ნეონების ნათებითა და ულამაზესი ნაძვებით (რომელიც, უნდა აღინიშნოს, რატომღაც მხოლოდ პრესტიჟულ რაიონებში გაჩნდა). თუმცა მოსახლეობის ბოლოდროინდელი პესიმისტური განწყობა ამან ვერ გამოასწორა. კიდევ უფრო დაამძიმა ეს განწყობა ოპერატიული შტაბის ცნობებმა იმის შესახებ, რომ 30 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით აფხაზეთში კორონავირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა. და იმ დროს, როცა ერთნი სოხუმის ცენტრში საახალწლოდ მოწყობილ ძვირადღირებულ საციგურაო სივრცეში ერთობოდნენ, მეორენი გარდაცვლილ თანამოქალაქეებს დასტიროდნენ.

საციგურაო სივრცე, რომელზეც დიდხანს და აღფრთოვანებით საუბრობდა ადგილობრივი ხელისუფლება, დედაქალაქის ბიუჯეტს თითქმის 3,5 მლნ რუბლი დაუჯდა. სოხუმის საქალაქო კრების დეპუტატთა ნაწილმა ესოდენ ძვირადღირებული შენაძენი გააპროტესტა და განაცხადა, რომ პანდემიის ურთულეს პერიოდში, რომელმაც აფხაზეთის უკვე 129 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, ეს არა მხოლოდ არამიზანშეწონილია, არამედ დანაშაულებრივიც. ამ ფულით, დეპუტატების აზრით, «სასწრაფო დახმარების ორი მანქანის შეძენა შეიძლებოდა», რომელიც რესპუბლიკას ამჟამად გაცილებით მეტად ესაჭიროება, ვიდრე ხანმოკლე გართობა.

«ქვეყანაში პანდემიაა, თქვენ კი აწყობთ საციგურაო სივრცეს, კრებთ იქ ბავშვებს… არ სჯობდა, ეს თანხები COVID-ინფიცირებულთა მკურნალობაზე მიგემართათ? - ეს სწორი იქნებოდა და სამართლიანიც», - განაცხადა დეპუტატმა მიზან ზანთარიამ.

ადგილობრივ დეპუტატთა ყველა ლოგიკური არგუმენტის მიუხედავად, ხელისუფლება კვლავინდებურად ირწმუნებოდა, რომ საციგურაო სივრცეში უსაფრთხოების ყველა ზომა იქნებოდა დაცული. თუმცა მისი ამოქმედებიდან მალევე სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტოები და ვიდეორგოლები, რომელიც მოწმობს, რომ რეალურად, იქ არავითარი სანიღბე რეჟიმი არ მოქმედებდა, ხალხი უზარმაზარ რიგებში სოციალურ დისტანციას არ იცავდა და შეზღუდვების დაცულობას იქ არც არავინ აკონტროლებდა.

მთლიანობაში, აფხაზეთმა სადღესასწაულო დღეები პანდემიამდელი პერიოდის მსგავსად — კაფე-რესტორნებში გაატარა, რომლებსაც, შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობა არ შეუწყვეტიათ. ან რატომ შეწყვეტდნენ? რესპუბლიკის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირ სასჯელს დაწესებული საკარანტინო ზომების დარღვევისთვის, არ არსებობს ჯარიმა მასობრივი თავშეყრის ადგილებში უნიღბოდ ყოფნისთვის და იმ უწყებების წარმომადგენლებიც კი, რომლებსაც შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი ევალებათ, თავად ჩნდებიან საზოგადოებრივი კვების ყველაზე ძვირადღირებულ ობიექტებში, თანაც უნიღბოდ.

30 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით აფხაზეთში 1300-ზე მეტი ადგილობრივის ტესტირება ჩატარდა და COVID-19 357-ს დაუდგინდა. ჯამში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირებულთა რაოდენობამ 9182-ს მიაღწია, მათგან 7027 გამოჯანმრთელდა. კლინიკებში რჩება 230 პაციენტი.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში რესპუბლიკაში კოვიდ-ინფექციამ ახალი ძალით იფეთქა. რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის აზრით, ეს პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოების ზომებისა და შეზღუდვების იგნორირებასთან. «დარღვეულია მედიკოსთა ყველა რეკომენდაცია. არაერთხელ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ კორპორატიული და სხვა მასობრივი სახის საზეიმო ღონისძიებების ჩატარება კოვიდ-ეპიდემიის ახალ აფეთქებებს გამოიწვევდა, მაგრამ ყური არავინ გვიგდო», - განაცხადა ლიუდმილა სკორიკმა.

სადღესასწაულო დღეებამდე ბევრად ადრე აფხაზეთის ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციებმა ერთმანეთის მიყოლებით შემოიღეს შეზღუდვები ბანკეტებისა და კორპორატიული შეკრებების ჩატარებაზე. თუმცა რეალურად, ამ შეზღუდვამ რატომღაც მხოლოდ რესპუბლიკისთვის ჩვეული სადღესასწაულო პროგრამის მიმართ იმუშავა — გაუქმდა კონცერტები, გასართობი ღონისძიებები, შეჩერდა თეატრების მუშაობა. ყველაფერი დანარჩენი კი ძველებური პომპეზურობით გაგრძელდა.

ეპიდემიის მხრივ არსებულ სავალალო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ელექტროენერგიისა და წყლის ხშირი გათიშვები. მართალია, «მარაოსებრი» განრიგი აღარ მოქმედებს, თუმცა აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებს ყოველდღიურად მაინც საათობით უწევთ უშუქოდ და უწყლოდ ყოფნა. «ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პირველ ომისშემდგომ წლებს დავუბრუნდით. ხან შუქი არ გვაქვს, ხან წყალი. ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ უნდა მოვითმინოთ. აი, ასე ვცხოვრობთ, ყველაფრის იმედგადაწურულები», - გვიზიარებს სატკივარს ჩვენი თანამოსაუბრე ტარიელი.

წინასაახალწლოდ ცნობილი გახდა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და პრემიერ ალექსანდრე ანქვაბის ინფიცირების თაობაზე. ოფიციალური მონაცემებით, დაავადება ორივე შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. ანალოგიურ მდგომარეობაშია უამრავი ადამიანი, რომელიც შინ მკურნალობს. მაგრამ ეს მკურნალობა მათ, სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი ჩინოსნებისგან განსხვავებით, ძვირი უჯდებათ და ვისაც შესაბამისი სახსრები არ გააჩნია, იძულებულია, ძველი — სახალხო მედიცინის არაეფექტური მეთოდებითა და საშუალებებით იმკურნალოს.

და რას აკეთებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო? იგი ყოველდღიურად აქვეყნებს მოხსენებებს სხვადასხვა სამედიცინო დახმარების, მედიკამენტებისა და ათასი სხვა სასარგებლო რამის მიღების შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე საბიუჯეტო სახსრებითა და ჰუმანიტარული დახმარების გათვალისწინებით, ჯანდაცვის საჭიროებებზე 68 მლნ რუბლზე მეტი მიიმართა, ჯამში კი, ბოლო დღეების ჩათვლით, ამ მიზნით უკვე 141 მლნ რუბლია გამოყოფილი. მაგრამ გამოდის, რომ მთელი ეს ფული წყალშია გადაყრილი, რადგან რესპუბლიკაში რეალურად, არც ერთი შეზღუდვა არ მოქმედებს, მოსახლეობა კი ყველა რეკომენდაციას იგნორირებს.

ადგილობრივმა მედიკოსებმა უკვე მთელი მსოფლიოს გასაგონად შემოჰკრეს განგაშის ზარს: ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად იხრჩობა, მედპერსონალი დაღლილობისგან ეცემა. მაგრამ უსაფრთხოების უკვე ყველასთვის ცნობილი ზომების დაცვისაკენ გამუდმებული მოწოდებების მეტი, ექიმებს არაფერი შეუძლიათ — შესაბამისი უფლებამოსილებები არ გააჩნიათ. ხელისუფლება კი, რომელსაც არა მარტო შეუძლია, არამედ ვალდებულიცაა, რეაგირებდეს, დუმს.

აფხაზეთი, რომელმაც 2021 წლის დადგომა ძალზე პომპეზურად აღნიშნა, თითქოს გაინაბა: ან გასული დღე-ღამეების ღრეობებისგან ისვენებს, ან ახლებისთვის ემზადება — წინ ხომ ძველი ახალი წელია.

ასეა თუ ისე, ვითარება, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად კონტროლს ექვემდებარებოდა, შესაძლოა, კატასტროფად გვექცეს, რომელიც საშიში სენით გამოწვეულ კიდევ უფრო მაღალ სიკვდილიანობას გვიქადის.

და ჩვენ — მოსახლეობა რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე? - არც არაფერს. ყველანი ვაგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც კურდღლების შესახებ ცნობილ სიმღერაშია - «А нам все равно!» («ჩვენთვის სულერთია»), ვაგრძელებთ ხალხმრავალ შეკრებებს რეტორნებში, ქორწილებში, დღეობებზე, ჯგუფურ გასეირნებებს სანაპიროზე და ა.შ. არც დაკრძალვა-პანაშვიდებზე გვავიწყდება დასწრება. და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ვაკეთებთ ნებით, უგულებელვყოფთ ყოველგვარ რისკებს როგორც საკუთარი, ისე ახლობლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინაშე.

ხელისუფლება კი კვლავინდებურად კვერს გვიკრავს, ვერა და ვერ ბედავს რა ჯარიმებისა და სხვა სანქციების დაწესებას მის მიერვე შემოღებული შეზღუდვების დარღვევისთვის.

აი, ასე ვცხოვრობთ, უიმედოდ! ნებისმიერი დახმარება ხომ სამომავლოდაც ფუჭად ჩაივლის, თუკი გავაგრძელებთ ასეთ უნიათო მიდგომას როგორც საკუთარი სიცოცხლის, ისე ახლობლების ჯანმრთელობის მიმართ.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები