Accentnews.ge
რაზე შეთანხმდნენ პუტინი, ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე

რაზე შეთანხმდნენ პუტინი, ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე

12/01/2021 06:17:47 კავკასია

კრემლის ინფორმაციით, 11 იანვარს მოსკოვში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ინფრასტრუქტურული პროექტების, სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე იმსჯელეს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მხარეებმა ამ საკითხებზე ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრას "მნიშვნელოვანი და სასარგებლო" უწოდა.

"ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ საერთო ჯამში, [2020 წლის 9 ნოემბრის] შეთანხმების პირობები დაცულია და სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. 48 000-ზე მეტი დევნილი და ლტოლვილი უკვე დაბრუნდა მთიან ყარაბაღში. მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურის, ელექტროენერგიის, საცხოვრებლისა და სოციალური ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ. ვგულისხმობ ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. ამ მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელთაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ", - ამბობს ვლადიმირ პუტინი.

მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

9 პუნქტიანი შეთანხმება კონტაქტის ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსი სამხედროების განლაგებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებით, რუსეთს ამიერკავკასიის ყველა ქვეყანაში ჰყავს სამხედრო ძალები განთავსებული: საქართველოშიც, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S