რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ახალი გვირაბი გაიჭრა

12-01-2021 10:47:00 რეგიონები

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, სოფელ შროშაში ახალი გვირაბი გაიჭრა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება.

საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია ექვსი გვირაბი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 53 გვირაბიდან 39 გვირაბზე მიმდინარეობს.

სოფელ შროშაში გაჭრილი გვირაბის სიგრძე 885 მეტრია და რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ამ დრომდე გაჭრილ გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია. რიკოთის ახალი 52 კმ-მდე საუღელტეხილო გზა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის დასრულების შემდეგ, 30 კილომეტრით შეამცირებს მანძილს, მგზავრობის დროს კი გაანახევრებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები