
2020 წელს საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 81,3%-ით შემცირდა
12/01/2021 09:06:21 ეკონომიკა
საქართველოში 2020 წელს 1 759 308 უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2019 წელთან შედარებით, როცა ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 10 მილიონი იყო, 81,3%-იან კლებას ნიშნავს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოსთან პანდემიის მიუხედავად კავშირი შეინარჩუნეს მეზობელმა ქვეყნებმა: ყველაზე ხშირად თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან შემოდიოდნენ. ამ ოთხი ქვეყნიდან ვიზიტორების ჯამური რაოდენობა მილიონს აჭარბებს.
ვიზიტორების უმეტესობა (1 219 840 ადამიანი) საქართველოში სახმელეთო საზღვრის კვეთის შედეგად მოხვდა, საჰაერო საზღვრის კვეთით მხოლოდ 269 535 ადამიანი შემოვიდა საქართველოში. 85,4 %-ით არის შემცრებული ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული პირების რაოდენობა, რომელმაც 2020 წელს მხოლოდ 70 738 შეადგინა. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოვიდა საქართველოში.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემები უცხოელი ვიზიტორების შესახებ, რომელიც თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას ეყრდნობა, უცხოელ ვიზიტორებად ტურისტების და საქმიანი ვიზიტებით ჩამოსული მოქალაქეების გარდა მოიცავს სატვირთო ავტომობილების მძღოლებსაც, რომლებიც საქართველოს საზღვარს საერთაშორისო გადაზიდვებისთვის კვეთენ. ნახევარ მილიონზე მეტი, საქართველოში 2020 წელს შემოსული უცხოელი ვიზიტორებიდან ერთდღიანი ვიზიტით ან არატურისტული მიზნით იმყოფებოდა.
საქართველომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და მას შემდეგ, შეზღუდვებს გარკვეული პერიოდებით ახანგრძლივებს - 2020 წლის 17 დეკემბერს ითქვა, რომ ფრენები შესაძლოა განახლდეს 2021 წლის 31 იანვრიდან.