შეთახმება თბილისს მიღმა: რისკები და შესაძლებლობები საქართველოსთვის

12-01-2021 17:25:53 კომენტარი

მართალია, ანალიტიკოსთა ნაწილს სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ყარაბაღის მეორე ომის დასასრულს – 2020 წლის 9–10 ნოემბერს დადებული სამმხრივი შეთანხმებისადმი, რომელშიც რეგიონში ბლოკირებული სატრანსპორტო დერეფნების გახსნაზეა საუბარი, თუმცა ამას მოჰყვა 2021 წლის 11 იანვრის ასევე სამმხრივი შეთანხმება და როგორც აზერბაიჯანის პრეზიდეტმა საზოგადოებას ამცნო, ის მიზნად ისახავს, შექმნას სრულიად ახალი ვითარება ჩვენს რეგიონში – გახსნას სატრანსპორტო გზები:

„აზერბაიჯანს სომხეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების გამოყენებით, კავშირი ექნება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკას კი აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით სარკინიგზო კავშირი ექნება რუსეთთან და ირანთან. ასევე, ჩვენ კავშირი გვექნება თურქეთის ბაზარზე ნახიჩევანის რესპუბლიკის გავლით. თურქეთისა და რუსეთის სარკინიგზო არტერიები ერთმანეთს დაუკავშირდება. ამრიგად, განცხადება ხსნის ფართო შესაძლებლობებს”.

შეთანხმების პერსპექტივა

„შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა რომ არ ყოფილიყო, შეხვედრა არც შედგებოდა. როგორც ჩანს, ეს არის ორმხრივი დათმობა: აზერბაიჯანულ ტვირთებს სომხეთი გაატარებს და პირიქით“,– ამბობს „აქცენტთან“ კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი და იქვე დასძენს, რომ მიუხედავად პრობლემური საკითხებისა, შეთანხმების განხორციელებისადმი მხარეების სერიოზული დამოკიდებულება საგრძნობია:

„ბუნებრივია, შეთანხმების აღსრულებას დრო სჭირდება, მას აქვს ბევრი წყალქვეშა რიფიც: შესაძლოა საერთაშორისო კონტექსტი შეიცვალოს, რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები დაიძაბოს და ა.შ. მაგრამ ამ მდგომარეობით, ყურადღებით ვაკვირდებოდი რა მათ გამოსვლებს შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ, აშკარად იგრძნობა, რომ მხარეები პროცესისადმი სერიოზულად არიან განწყობილნი“.

ვისთვის ხსნის შესაძლებლობებს განბლოკილი დერეფნები

კონფლიქტოლოგი როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ შესაძლო შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას:

  • იზრდება კონკურენცია;
  • ეკონომიკურად აქტიური რეგიონის მიმზიდველობა.

„თუ შეთანხმება აღსრულდა, ბუნებრივია, პირველ ეტაპზე ტვირთების გარკვეულ მოცულობას დავკარგავთ, შესაბამისად, ეს შემოსავლებზე, ზოგადად, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე აისახება. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონის ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი ამუშავება ყველას ინტერესშია, მათ შორის – ჩვენს ინტერესშიც: ეკონომიკურად ურთიერთდაკავშირებული, მშვიდობიანი რეგიონი გარე ინვესტიციებისთვისაც უფრო მიმზიდველი უნდა იყოს. რადგან, რეგიონში დემოკრატიის ნაკლებობა, კონფლიქტები, გადაკეტილი გზები არავის განაწყობს ინვესტირებისადმი“.

მისი აზრით, ამ ახალი რეალიების ფონზე აშკარაა, რომ იზრდება ჯანსაღი კონკურენცია სატრანზიტო კორიდორებს შორის, რამაც საქართველოს სიყოჩაღისკენ უნდა უბიძგოს:

„აუცილებელია ვიყოჩაღოთ, მით უმეტეს, რომ გვაქვს ზღვა. ზღვა კი იმითაა კარგი, რომ პორტები შეგიძლია, ააშენო. ჩვენ თუ მუდმივად ჩვენს პრობლემებში გავიჭედებით, არც ანაკლიას ავაშენებთ, ანუ არ გვექნება შესაბამისი პორტები – ინფრასტრუქტურა, ტვირთები გადამისამართდება“.

რისკები

„შემაშფოთებელია, რომ ეს პროცესები დასავლეთის ჩართულობის გარეშე მიდის და მას ძირითადად, რუსეთ–თურქეთის ტანდემი წარმართავს. დასავლეთს ჰმართებს მეტი პროაქტიურობა. აქტიური პოზიციონირების გარეშე რეგიონი შესაძლოა, დასავლეთს ჩაეხსნას. მხოლოდ საქართველო ვერ იქნება მუდმივად ავანგარდში: არ გამოვრიცხავ, რომ რეგიონის გახსნამ, რუსეთის, თურქეთის და შესაძლოა, ჩინეთის აქტიურობამ, ხოლო დასავლეთის პასიურობამ საზოგადოებრივი განწყობების დონეზეც გამოიწყვიოს ცვლილებები“.

თუმცა, კონფლიქტოლოგი იტოვებს რწმენას, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები პარტნიორებს დასავლეთიდან მეტი აქტიურობისკენ უბიძგებს, ხოლო შიდა პოლიტიკურ ჯგუფებს – თემის აქტივიზაციისკენ:

„თუ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფები არ მოვეშვებით შიდა კინკლაობას, აშკარაა, რომ რეგიონში მიმდინარეო პროცესების მიღმა ვრჩებით“.

ამავე თემაზე: რეგიონში ბლოკირებული გზები იხსნება: როგორ ხვდება კონკურენციას თბილისი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები