ადგილობრივების ცნობით, ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა

12-01-2021 20:22:25 სამართალი ,რეგიონები

სოფელ ბუკნარში დაპირისპირება მოხდა. შედეგად არიან დაშავებულები, მათ შორის, არასრულწლოვანები. სამ მოზარდს ამ წუთებში სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ირკვევა, რომ დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა: სოფლის მუსლიმი თემი დიდი ხანია, მეჩეთის საკუთარი სახსრებით აშენების ნებართვას ითხოვს, რის შესაძლებლობასაც მათ სოფლის მართლმადიდებელი მკვიდრები არ აძლევენ.

„სკოლის მოსწავლეები დაიჭირეს ცენრში და ქვების სროლა დაუწყეს. „თეთრი ბილეთი“ აქვს ერთ პირს და ის გამოიყვანეს ქვების სასროლად. 12 წლის ბავშვია საოპერაციოში, თავი აქვს გაჩეხილი!“,– ყვება მუსლიმი თემის წარმომადგენელი.

მოქალაქეები ამ დროისთვის ჩოხატაურის ცენტრში, საავადმყოფოსთან არიან შეკრებილები და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიკოსებისგან ელიან ცნობებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებას წინასაარჩევნოდაც დაჰპირდნენ, თუმცა უშედეგოდ და ამ ჯერზე უკან დახევას არ აპირებენ:

„ვითომ რეციდივისტურ საქმეზე მივდივართ?! ვითხოვთ 15– წუთიან ლოცვას, სიმშვიდეს! ისედაც პატარა ქვეყანა ვართ, ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ, კი არ უნდა ვჩეხდეთ. ვითხოვთ სალოცავს! ადგილობრივი ქრისტიანები ამას გვიშლიან, „უნდა იყოს ეკლესია და ვისაც სურვილი აქვს, ეკლესიაში ილოცოსო“. „მიწას გამოგიყოფთ, მაგრამ არა სოფელშიო? რატომ? ეკალ–ბადს მიაქვს სოფელი!“.

დაპირისპირების შემდეგ ადგილზე ჩოხატაურის მერი მივიდა.

„დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, ყოველ მეორე დღეს ხუთი შეხვედრა გვქონდა და ვეუბნებოდით, „გავაგრძელოთ საუბარი“. სალოცავი უნდა იყოს ლეგალური და სამუფტოსთან შეთანხმებული“,– განაცხადა მერმა კითხვის საპასუხოდ, რატომ ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები