
შეზღუდვების რა მიმართულებით მოხსნაზეა ამ ეტაპზე მთავრობა ჩამოყალიბებული
13/01/2021 08:30:08 ეკონომიკა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება, თუმცა აღდგება თუ არა ტრანსპორტის მოძრაობა, ან რომელი სფერო გაიხსნება სავაჭრო ცენტრების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იანვრის ბოლოს იმსჯელებს.
„ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბიზნესთან, ვინაიდან ჩვენთვის საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო ის საახალწლოლ გახსნა, რომლიც ჩვენ გვქონდა. ამ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით თუ რამდენად ეფექტურები ვიყავით გახსნის პერიოდში და შევძელით შეგვესრულებინა ყველა ის დადგენილი მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არ გავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. ჩვენ დავხვეწეთ ეს მიდგომები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი და გავხსნათ ეკონომიკის გახსნის პერიოდში პირველად სავაჭრო ქსელი. ამასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება, პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და მოლები, ამის შემდეგ უკვე ჩვენ საუბრები გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდეგი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როცა გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად ეფექტური“, - განაცხადა ტიკარაძემ და იქვე დასძინა: "ყველა სფერო არ გაიხსნება".
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ეპიდვითარება სკოლებისა და ბაღების გახსნაზე საუბრის შესაზლებლობას არ იძლევა.