
პუტინმა რუსეთში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გასცა
13/01/2021 13:28:55 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომავალი კვირიდან ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გთხოვთ, მოამზადოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მადლობა ღმერთს, ჩვენს ვაქცინას ტრანსპორტირებისთვის რამე განსაკუთრებული პირობები, როგორიცაა -50 ან -70 გრადუსი, არ სჭირდება, ჩვენთან ყველაფერი გაცილებით იოლადაა“, - აღნიშნა პუტინმა.
რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, „სპუტნიკ V“-ით, მოსახლეობის ვაქცინაცია რუსეთში დეკემბრის დასაწყისში, რისკის ჯგუფში შემავალი მოქალაქეების აცრით დაიწყო.
ცნობისთვის: აგვისტოში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ V" შექმნის შესახებ განაცხადა. პრეპარატი გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მეტისმეტად მცირე რაოდენობა სახელდებოდა. პრეპარატი დაჩქარებული წესით, კლინიკური ცდების დასრულებამდე დამტკიცდა და ექიმებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებსა და სოციალურ მუშაკებს უკვე გაუკეთეს. თუმცა ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია მოსახლეობაში უახლოეს დღეებში დაიწყება. ერთ ადამიანს ვაქცინის ორ დოზას უკეთებენ. ვაქცინის პირველი ინექციიდან მეორე აცრამდე პერიოდი 21 დღეს შეადგენს.