
ბილდტი: "ამ დროისთვის კაპიტოლიუმში უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული, ვიდრე ავღანეთში"
13/01/2021 16:28:42 მსოფლიო
შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი კაპიტოლიუმის შენობაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ამ დროისთვის კაპიტოლიუმში უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული, ვიდრე ავღანეთში".
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ–მა ავღანეთში დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობა პირველ ეტაპზე, 13 000-დან 8 600-მდე შეამცირა. ამ დროისთვის ავღანეთში 5000-მდე ჯარისკაცი რჩება. როგორც თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენმა ოქტომბერში განაცხადა, 2021 წლის პირველ თვეებში აშშ–ის წარმოდგენილობა ავღანეთში 5 000 ჯარისკაციდან 2 500-მდე შემცირდება.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც ამ წუთებში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ეროვნული გვარდიის სამხედროები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულნი.
იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია დემოკრატებმა წარადგინეს.
ცნობისთვის: დემოკრატები და რიგი რესპუბლიკელები მოქმედ პრეზიდენტ, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ–ში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებში ადანაშაულებენ. ბრიტანელების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში ყველაზე მასშტაბური შტურმი ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. ოფიციალური ინფორმაციით, 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 68 მხარდამჭერი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.
დემოკრატები და რიგი რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ტრამპს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 7 დღე დარჩა, თუმცა არ არის გამორიცხული მან რაიმე ირაციონალური სცადოს.