წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

14-01-2021 01:44:24 მსოფლიო

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი უკვე მეორედ დაუჭირა. ამჟამად საქმე სენატს გადაეგზავნება, თუ ტრამპს დამნაშავედ სენატორების ორი მესამედი, ანუ 100-დან 67 სენატორი მიიჩნევს, მას პრეზიდენტობიდან გადააყენებენ.

ოპონენტები მოქმედ პრეზიდენტს ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებენ. ბრიტანელების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში ყველაზე მასშტაბური შტურმი ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. ოფიციალური ინფორმაციით, 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 68 მხარდამჭერი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

დემოკრატები და რიგი რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ტრამპს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 7 დღე დარჩა, თუმცა არ არის გამორიცხული მან რაიმე ირაციონალური სცადოს.

პირველად დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატამ 2019 წლის 19 დეკემბერს დაუჭირა მხარი. პრეზიდენტი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ცნეს დამნაშავედ. თუმცა 2020 წლის 6 თებერვალს სენატმა პრეზიდენტი წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ სცნო. შესაბამისად, ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობაზე 2021 წლის 20 იანვრამდე დარჩა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები