შრომის ინსპექციამ თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერა

14-01-2021 12:49:06 ეკონომიკა

შრომის ინსპექციამ თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთერთ ღამის კლუბში გასართობი ღონისძიების გამართვისთვის ფიზიკური პირი დააჯარიმა, კლუბს კი საქმიანობა შეუჩერა.

უწყების ინფორმაციით, ფიზიკური პირი "აკრძალული ეკონომიკური საქმიანობით" იყო დაკავებული და ის 2 000 ლარით დაჯარიმდა.

"მოქალაქე ამ ტერიტორიაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში, ახდენდა დახურული გასართობი ღონისძიების ორგანიზებას, რაშიც მონაწილეობას იღებდა რამოდენიმე ათეული ადამიანი.

ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა და მოხდა ღამის კლუბის საქმიანობის შეჩერება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 1-ლ თებერვლამდე გახანგრძლივდა. 18 იანვრიდან მოლების, ბაზრობების და ტრანპორტის გახსნა იგეგმებოდა, თუმცა, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ, 13 იანვარს განაცხადა, რომ სავაჭრო ქსელების გარდა სხვა სფეროებისა და ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო იანვრის ბოლოს იმსჯელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები