Accentnews.ge
ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება მორიგებით დასრულდა

ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება მორიგებით დასრულდა

15/01/2021 13:35:17 რეგიონები, საზოგადოება

ბუკნარში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება მხარეების მიერ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევით და მორიგებით დასრულდა: მუსლიმი თემის წარმომადგენლები შეძლებენ, რელიგიური რიტუალები ბუკნარში შეძენილ სახლსი შეასრულონ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ორივე თემის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მუფტი, თუმცა არ დასწრებია შემოქმედის ეპარქიის წარმომადგენლები. განიმარტა, რომ ამის საჭიროება არ იყო და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს უთხოვიათ მონაწილეობა. მანამდე კი სასულიერო პირებმა ბუკნარის ეკლესიაში პარაკლისი აღავლინეს.

„ეს ის შედეგია, რომელიც შეგვშვენის ქართველებს და ბუკნარს შეეფერება. მე არ ვყოფ, ის თემი და ეს თემი. ჩვენ ვართ ერთნი. ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რელიგია, მაგრამ მეგობრობას და საღ აზრს წინ ვერაფერი დაუდგება. როგორც შეგვშვენის, ისე მშვიდობიანად გადავწყვიტეთ ეს პრობლემა. ვიღაცების, ერთი- ორი კაცის პროვოკაციულ განცხადებებს არ ავყევით, ვინაიდან ბუკნარში ცხოვრობს შეგნებული, განათლებული ხალხი, რომელსაც შეუძლია, ეს პრობლემა მოაგვაროს და ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა გავაგრძელოთ ისევ მოძმედ, მეგობრულად. ჩვენთან ერთად იზრდებიან ახალგაზრდები, ამ ყველაფერს გადავცემთ მომავალ თაობას“, – განაცხადა შეხვედრისერთ-ერთმა მონაწილემ, მუსლიმური თემის წარმომადგენელმა თემურ ირემაძემ.

„კანონი, ჩვენი ეროვნება, მორალი არ გვაძლევს უფლებას, სხვადასხვა მხარეს დავაყენოთ ერთმანეთი. ჩვენ ერთნი ვართ,– განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.

შეხვედრის კიდევ ერთი ონაწილის, მაია ხელაძის შეფასებით, რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელზეც წამოეგო მოსახლეობა.

„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამ შეხვედრის გარეშეც რომ გადარჩებოდა ეს ურთიერთობა და ამდენი წლის სიყვარული გაიმარჯვებდა, დარწმუნებული ვიყავი. მოეგო გონს ყველა, ყველა მიხვდა, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელზეც წამოეგო ჩვენი მოსახლეობა და ეს ურთიერთობა ამ სოფელში გადარჩებოდა მაინც ამ სიყვარულით. სიყვარულს ვერაფერი ვერ მოკლავდა“, – განაცხადა პედაგოგმა მაია ხელაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 12 იანვარს, სოფელ ბუკნარის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა დაახლოებით ერთი წლის წინ, სოფელში შეიძინეს კერძო სახლი, რომელსაც საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ. ორ თემს შორის უთანხმოება ცოტა ხნის წინ წარმოიშვა, როცა სოფელში გავრცელდა ხმები მინარეთის შესაძლო მშენებლობის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S