კასპის ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი
17/01/2021 13:14:07 სამართალი
კასპის სპეცოპერაციის დროს დაკავებულმა გიორგი მენაბდიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მან ასევე უარი თქვა სახაზინო ადვოკატზე და იყენებს დუმილის უფლებას. გარდა ამისა, უარი განაცხადა ამანათის მიღებაზე, რომლის მიწოდებასაც ოჯახის წევრები ცდილობდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, ყოფილმა პოლიციელმა – გიორგი მენაბდიშვილმა 16 იანვარს კასპში, ქვის საამქროში, რომლის წილსაც თავადვე ფლობს, მძევლები აიყვანა. ის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსეთში გადაყვანას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ის სამართალდამცველებს ჩაბარდა.
როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, კაცი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ: მენაბდიშვილმა სამსახურიდან [ქვის საამქროდან, რომლის 10%-იან წილს ფლობდა], გაათავისუფლა პირი, რომელმაც საქმეში სწორედ კრიმინალები ჩართო და მუქარებიც ამის შემდეგ დაიწყო.
ოჯახის წევრების თქმით, გიორგი მენაბდიშვილმა დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა კასპის პოლიციას, შემდეგ კი თბილისის მთავარ სამმართველოს, თუმცა, უშედეგოდ.
"ამ კოკომ [სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა] საქმეში ჩართო თავის სამეზობლოში მცხოვრები ქურდები. იყო მუქარა. ჩვენ ყველაფერს არ გვეუბნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოლ-შვილი სასწრაფოდ გაიყვანა სახლიდან. საჩივარი შეიტანა კასპის პოლიციაში, გაუკეთეს იგნორირება, წადი აქედან, ბიჭოო". - თქვა გიორგი მენაბდიშვილის დედამ.
"გიჟივით იყო – მალავდა ცოლ-შვილს, „დამდევენ, მითვალთვალებენო“. პოლიციის ყურადღება რომ მიექცია, იმიტომ გააკეთა ის, რაც გააკეთა. ჩენთან არავინ მოსულა, რომ მშობლები დაეკითხა, რა ხდებოდა, ეკითხა, თუკი გემუქრებიან, მოდი და მხარში დაგიდგებით, როგორც პოლიცია, დაგიცავთო". - ყვება დეიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ უწყებაში გამოძიება დაწყებული იყო ყოფილი პოლიციელის მიმართ მუქარი ეპიზოდზე.


