გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ბრალი დაუმძიმდა
26/11/2020 20:22:04 სამართალი
მთავარი არხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ პირს, რომელიც საზოგადოებას ვასამბეკ ბოკოვის სახელით წარუდგინეს, ბრალი დაუმძიმდა,– ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
ბეკოვი 2020 წლის 13 ივნისს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით იყო დაკავებული.
სუს–ის ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მაგომედ გუციევი, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
სუს–ში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.
სუს–ის ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება გრძელდება.


