ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდნენ და სამი ადგილობრივი დააკავეს

19-01-2021 00:27:19 სამართალი

18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

სუს–ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებილ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა.

ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას",- აცხადებენ სუს–ში.

მანამდე „მთავარი არხი“ იუწყებოდა, რომ ექვსამდე შეიარაღებულმა პირმა ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზი გადმკვეთა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა. ისინი სამ ადამიანს მისდევდნენ, რომლებიც დააკავეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. სავარაუდო ინფორმაციით, მომხდარი კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება.

შემთხვევა იმ საგუშაგოსგან მოშორებით მოხდა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმი დგას.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გავრცელდა:

„კომენდანტის საათის დაწყებამდე 5 წუთით ადრე რუსმა ოკუპანტებმა საზღვარი გადმოკვეთეს, რადგან იქიდან სამი ქართველი გამოექცათ ესენიც გამოედევნენ და 50 მეტრში დაიჭირეს. სამი გამოქცეულიდან ერთი მამაკაცი საშინლად სცემეს და ისე დააბრუნეს აფხაზეთში.

შემთხვევიდან 10 წუთში პოლიციელები და სამხედროები მოვიდნენ სოფელი ხურჩის ცენტრალურ ხიდთან სადაც მოხდა ეს ყველაფერი.

ცნობის თანახმად, რვა შეიარაღებულმა ოკუპანტმა გადმოკვეთა საზღვარი"-.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები