გარდაბანში მკვლელობის მცდელობისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს
19/01/2021 06:43:39 სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე1995 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობს – 1994 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.


