13 ბიზნესასოციაცია მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

20-01-2021 13:01:48 ეკონომიკა

13 ბიზნესასოციაცია მთავრობას მიმართავს და კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს.

ისინი შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ მთავრობის მიერ დადებული პირობა ლოკდაუნის ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1 თებერვალს მოხსნის წინაშე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეტიც, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ლოკდაუნზე ლაპარაკობენ.

"მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია - ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე. გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა)“, - ნათქვამია ასოციაციების გაერთიანებულ განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის საფინანსო ვალდებულებების შესრულების ერთადერთი გარანტი ბიზნესის ყველა სექტორის ამოქმედებაა, რისთვისაც შეზღუდვების დაუყოვნებელი მოხსნა და ფრენების აღდგენაა საჭირო.

ბიზნესასოციაციები მთავრობას, ქვეყნის ეკონიმიკის გადარჩენის მიზნით, სთავაზობენ და სთხოვენ:

  • სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით). გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია დღეს გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ;
  • საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა. ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისაგან (ევროკავშირში შიდა რეისები დაფრინავს, თურქეთი, დუბაი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, სასომხეთი), რომლებსაც არ გაუჩერებიათ საერტაშორისო ტურისტული ბიზნესი და ამავდროულად წარმატებით ართმევენ თავს ეპიდემიასთან ბრძოლას;
  • დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით). სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე;
  • შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები. დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით უნდა ნება მიეცეს ყველა სასტუმროს რომ აღადგინოს მუშაობა;
  • აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება. ასეთი ამუშავების წარმატებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც დავინახეთ, ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება.დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზების“. - სთავაზობს მთავრობას დარგთაშორისი ინიციატივას კერძო სექტორი.13 ასოციაცია აცხადებს, რომ მზად არის, შეასრულოს რეკომენდაციები რეგულაციების პირობებში და ემხრობა მასობრივ ტესტირებას.

"ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ქვეყნაში არსებულ რთულ მდგომარეობის სიმწვავეს, გაგებით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და უახლოეს პერიოდში აამუშავებს ქვეყანას, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობა“, - ნათქვამია საერთო განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები