Accentnews.ge
პროკურორი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე“ მოტივი დაადგინა

პროკურორი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე“ მოტივი დაადგინა

20/01/2021 10:13:23 სამართალი

დაკავებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა.

კერძოდ, პროკურორი ირწმუნება, რომ მელაშვილი და ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და რომ საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში გეგმავს.

პროკურორს არ უსაუბრია, ვის გულისხმობდა „ზემდგომ პირებში“.

„დადგენილი არის, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და ასევე დავალებების შესაბამისად, ზემდგომი პირების, ზემდგომი თანმდებობის პირების დავალებების შესაბამისად საუბრობდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას. პირველი, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა, ყველაზე მთავარი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებია, ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც ამ გარემოების - მოტივთან დაკავშირებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა. აქვე დაავაანონსებ, რომ უახლოეს მომავალში, ყველა ამ გარემოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ ამის დემონსტრაციას მოვახდენთ, საზოგადოებას ამას ნათლად მივაწდვით და ეს უკვე პრაქტიკულად დოკუმენტური დესკრიპცია იქნება, საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეექმნება, როგორც ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, ასევე მოტივთან დაკავშირებით“, - განაცხადა სადრაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების გამოსავლენად გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S