კანონში რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება
20/01/2021 10:29:55 სამართალი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ცნობით, მოქმედ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის ნარკოტიკულ საშუალებათა გარკვეული ნაწილისთვის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რაც, თავის მხრივ, პრაქტიკაში და კანონის აღსრულების კუთხით ქმნის პრობლემას: მცირე ოდენობის შემთხვევაში პირი არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართლებრივ სახდელს, იმთავითვე ხდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი, როგორც ეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაშია გათვალისწინებული, და მის მიმართ გამოიყენება არაპროპორციული სასჯელები.
„სწორედ ამ საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებისა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის დახვეწის მიზნით, მიმდინარეობდა მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. ამჟამად, მომზადდა და წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივის სახით კანონპროექტი, რომელიც რვა ნარკოტიკული საშუალების ოდენობებს ახლებურად განსაზღვრავს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.
მათივე თქმით, მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.
„ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით; დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების გამოთვლის წესშიც შედის ცვლილება, რაც გულისხმობს, თითოეული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების და გავლენის გათვალისწინებით, სუფთა სუბსტანციაზე დაყრდნობით ოდენობების გამოთვლას.
ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახალი წესით გამოთვლის შედეგად დაიხვეწება და მეტად განჭვრეტადი გახდება ნივთიერებათა ოდენობები დოზისა და თრობის ეფექტის გათვალისწინებით, რაც პროპორციული, სამართლიანი და ჰუმანური სასჯელების გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს შექმნის. ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და, მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნვიდან ამოღება და მათი ოდენობების გამოთვლა.
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის წახალისება. ამასთან, ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.


