
აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურა რუსეთს პასუხობს, რომ „იაპონჩიკას“ მკვლელებს ვერ გადასცემს
20/01/2021 10:39:44 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს“ უცხო ქვეყანას ვერ გადასცემს. საუბარია კანონიერი ქურდის“ ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკას“ მკვლელობაში ეჭვმიტანილებზე.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ივანკოვის დაკვეთილი მკვლელობისთვის ბრალი დაუსწრებლად ორ პირს – „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ასტამურ ბუთბასა და ნუგზარ პაპავას წარედგინა და მიმდინარეობს მუშაობა მათი ექსტრადაციის მიზნით.
აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურისგან მიიღეს მიმართვა სამართლებრივი დახმარების შესახებ, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა, როგორც დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, მიმართვა არ ითვალისწინებს პაპავას და ბუთბას დაკავებას და გადაცემას, რადგან „აფხაზეთის კონსტიტუციით და კანონმდებლობით“ აკრძალულია სისხლისსამართლებრივი დევნისთვის უცხო სახელმწიფოსთვის „აფხაზეთის მოქალაქეების“ გადაცემა.
დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, „აფხაზეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით“ შესაძლებელია ამ პირებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ რუსეთის კომპეტენტური ორგანოებისგან მიიღებენ საქმის შესაბამის მასალებს.
„იაპონჩიკის“ სახელით ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ვიაჩესლავ ივანკოვი 2009 წელს, მოსკოვში მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა დაუკვეთა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ილია სიმონიამ, რომელსაც „კანონიერი ქურდის ტიტული“ წლების წინ ჩამოართვეს „კანონიერმა ქურდებმა“ ვიაჩესლავ ივანკოვმა და ასლან უსოიანმა. უსოიანი 2013 წელს მოკლეს.