სტრასბურგმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის ძირითადი მოთხოვნები დააკმაყოფილა

21-01-2021 14:49:20 საგარეო პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე სადავო 8 მუხლიდან ძირითადი მოთხოვნები დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება

ამასთან, სასამართლომ დაასკვნა, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში და კონვენციის პირველი მუხლიდან გამომდინარე, სარჩელის ეს ნაწილი დაუშვებლად სცნო.

სტრასბურგმა დაადგინა კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:

სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი),

წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);

მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);

საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი).

არ დაადგინა

განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

რაც შეეხება კიდევ ერთ სადავო მუხლს – სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი), სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ იყო საჭირო განმცხადებელი მთავრობის საჩივრის ცალკე განხილვა მე -13 მუხლის საფუძველზე, სხვა მუხლებთან (მე–3,მე–5, მე–8 და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი, 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) ერთად.

სასამართლოს საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სასამართლოს დიდი პალატის მიერ ხსენებული დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა:

„სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“.

ცნობისთვის: საქართველოს რუსეთისთვის სტრასბურგში მოგებულია აქვს დავა 2006 წელს ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციის საქმეზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები