"არ მაქვს არც სახლი" – მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს

22-01-2021 10:43:36 სამართალი

მოქალაქე გიორგი გველესიანი ამბობს, რომ უსახლკარობის მიუხედავად, პოლიციამ „კომენდანტის საათის“ დროს ქუჩაში ყოფნის გამო 2000 ლარით დააჯარიმა.

პოლიციასთან კომუნიკაციის ამსახველი კადრები „გირჩი ტვ-ის“ ჟურნალისტმა – ნინა საჯაიამ გაავრცელა.

მისი თქმით, 2000 ლარით პოლიციამ წინა დღით დააჯარიმა.

"არ მაქვს არც სახლი, არც კარი და არც არაფერი, საქართველოს გულისთვინა, მე სულ ყველაფერი დამიკარგია. [...] ქუჩაში დავდივარ და ვათენებ, ძმაო. [...] აგერ 2000 ლარიანი ჯარიმა ხომ მაქვს, კიდე 2000-ით დამაჯარიმეთ, მერე აიღეთ და მესროლეთ, მომკალით", - ეუბნება მოქალაქე პატრულის თანამშრომელს, რომელიც ამბობს, რომ მის მონაცემებს ამოწმებს.

ჟურნალისტის კითხვას, რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ, რომ 2000 ლარით დღესაც დააჯარიმონ, მით უფრო, რომ მეორედ დაჯარიმების შემდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძვრება, პოლიციის თანამშრომელი პასუხობს, რომ არკვევენ, მართლაც აქვს თუ არა სახლ-კარი მოქალაქეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ჯერ კიდევ ნოემბერში მოუწოდა საპატრულო პოლიციას, ე.წ. კომენდანტის საათის დროს შეწყვიტოს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება; ასევე, მიიღოს ყველა ზომა მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით სოციალური და მუნიციპალური სამსახურების ჩასართავად.

ცნობისთვის: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები