„ტურისტები გუდაურში, ბაკურიანში მაისში ისრიალებენ და წინ წავა ეკონომიკა“ – სექტორი მთავრობას მოთხოვნებს უყენებს

22-01-2021 15:15:36 ეკონომიკა

სტუმარ–მასპინძლობის სექტორი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტლებით უკმაყოფილოა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას – ზამთრის კურორტების გახსნას მოითხოვს.

ისინი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სთავაზობენ მთავრობას, ზამთრის კურორტებზე დაიშვან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.

ამასთან, სექტორის წარმომადგენლები გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევენ სახლმელეთო საზღვრების გახსნასაც.

კიდევ ერთი მოთხოვნა კაფე–ბარებს ეხება. ისინი მოითხოვენ, რომ გახსნა ყველას შეეხოს.

„ზამთრის კურორტებზე უმძიმესი მდგომარეობაა: სასტუმროები, რესტორნები კრედიტებში იხრჩობიან, ადგილობრივებს შემოსავალი აღარ აქვთ და აბსოლუტურად მიტოვებულია ეს მხარე. ზამთრის კურორტები უნდა გაიხსნას, რადგან ვირუსის გადადების საფრთხე ძალიან მცირეა: ეკოპირებულია ადამიანი. უცხოეთიდან შემოსული მოგზაურების 75% ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოდის. მოვითხოვთ სახმელეთო საზღვრების გახსნას და საჰაეროს – ეტაპობრივად გახსნას. გახსნაში ქაოსურ გახსნას არ ვგულისხმობთ. უნდა გაიხსნას მიზნობრივი ჯგუფებისთვის“,– ამბობს „გუდაური ლოვტის“ ხელმძღვანელი მაია გურაშაჩვილი.

სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტურიზმი აღარ არსებობს.

„1 მაისიდან გუდაურის სათხილამურო კურორტი რომ გაგვეხსნა, ძალიან „კარგი იქნებოდა“. ასევე „კარგი იქნება“, ახლა რომ ზღვის სეზონი გახსნათ: სტუმრებიც ჩამოვლენ, გუდაურში, ბაკურიანში მაისში ისრიალებენ და ასე, თანდათან წინ წავა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით, ტურისმი, რომელიც მგონია, რომ აღარ არსებობს“.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც დარგის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, ბუნდოვანებაა. კერძოდ, მათ პარტნიორებს გეგმებთან დაკავშირებით, რათა ტურისტების მიღება შეძლონ, ახლა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორი კომპანიები მოგზაურებს სხვა ქვეყნებში გადაამისამართებენ და ტურისტებს საქართველო ზაფხულშიც დაკარგავს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან საერთო ჩატი აქვს გაკეთებული და მათი გასაჭირი მთავრობამ ძალიან კარგად იცის.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სარესტორნო ბიზნესის გახსნა დამოკიდებულია კონკრეტულ ქალაქში დადებითობის მაჩვენებელზე. მისივე თქმით, ვინაიდან აჭარაში მაჩვენებელი დაბალია, ღია სივრცის კაფე-რესტორნები გაიხსნება, დანარჩენ საქართველოს კი დააკვირდებიან.

"სარესტორნო ბიზნესს რაც შეეხება, ვიცი, რომ ძალიან სენსიტიური საკითხია, არაერთი შეხვედრა გვქონდა ჩვენ მათთან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ ონლაინრეჟიმში ვარ მათთან კონტაქტში, საერთო ჩატი გვაქვს შექმნილი და მათი გასაჭირი ძალიან კარგად ვიცით და გულთან ახლოს მიგვაქვს, მაგრამ ვინაიდან მიჩნეულია, რომ რესტორნები და კაფეები არის გადადების საფრთხის დამაგენირებელი ობიექტი თუნდაც იმის გამო, რომ აქ არ გამოიყენება პირბადე, აქედან გამომდინარე, დროში ავაცილეთ ჩვენ ერთმანეთს იგივე სავაჭრო ქსელისა და სარესტორნო სექტორის გახსნა.

მივდივართ ამ ნაბიჯზე აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი არის დაბალი, 4%-ზე ნაკლები და იქ ღია სივრცეებში უკვე დაიწყებენ ფუნქციონირებას კაფეები და რესტორნები 1-ლი თებერვლიდან, რა თქმა უნდა, წესების დაცვით და შაბათ-კვირის გამოკლებით. შემდგომში უკვე ვიმსჯელებთ, დანარჩენ საქართველოში რა პერსპექტივებია ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგის პირობებში", - თქვა თურნავამ.

ცნობისთვის: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება და 1 თებერვლიდან არ იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

"ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ასევე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას მოეთხოვება და სავალდებულო კვლავ იქნება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს, ასევე, მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია და აპრობირებული იყო მუშაობის ბოლო პერიოდის გათვალისწინებით,"- განაცხადა ვიცე–პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

იხილეთ – ასევ: სად რა სახის შეზღუდვები იხსნება 1 თებერვლიდან

ახალი ამბები

სხვა სიახლეები