რა მიზნით ჩამოდის თბილისში ზარიფი და რა უნდა აშფოთებდეს საქართველოს? - ირანელი ექსპერტის ანალიზი

24-01-2021 00:00:00 ანალიზი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა 24 იანვრიდან რეგიონის ქვეყნებში ტურნეს განხორციელება გადაწყვიტა. როგორც დაანონსდა, ის ჯერ აზერბაიჯანში ჩაბრძანდება, შემდეგ - საქართველოში, 27 იანვარს - სომხეთში, ხოლო შემდეგ მოსკოვსაც ეწვევა.

21 იანვარს, თემის კომენტირებისას ირანელმა დიპლომატმა განმარტა, რომ გეგმავს ვიზიტს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მიმართულებით. თავის მხრივ, სომხეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში განმარტეს, რომ როგორც მოსალოდნელი, შეხვედრების ცენტრალური საკითხი მთიანი ყარაბაღი იქნება.

მართლაც, ეს ტურნე რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის შემდგომი ახალი რეალობის ჩამოყალიბების პროცესის ფონზე განხორციელდება, რომელთან მიმართებაშიც თბილისის ცალსახა პოზიცია ჯერ უცნობია. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, უპირველესად, საქართველოს ჩართულობის გარეშე მიღწეული შეთანხმება რეგიონში სატრანზიტო დერეფნების განბლოკვის თაობაზე და რეგიონის ქვეყნების ჩართულობით (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი) ახალი ფორმატის შექმნის წინადადება, რომელიც თურქეთის მხარემ გააჟღერა.

როგორც „აქცენტთან“ საუბრისას აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მკვლევარი ჰამიდ კაზემზადე აღნიშნავს, ეკონომიკური საკითხების გარდა, ირანის მთავარი დიპლომატის კავკასის ქვეყნებში ვიზიტი ერთგვარ პოლიტიკურ გზავნილსაც შეიცავს.

„კავკასიაში ზარიფის რეგიონული ტურნე უფრო მეტად ორმხრივ ურთიერთობებზე, მიმდინარე ეკონომიკურ/სატრანსპორტო პროექტებსა და კავკასიაში ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდგომ მოვლენებზე იქნება ფოუსირებული. ირანი ცდილობს, სიმბოლური ვიზიტი განახორციელოს რეგიონში მას შემდეგ, რაც რუსეთმა და თურქეთმა ის მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში ჩართულობიდან ჩამოიცილეს. მიმაჩნია, რომ აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება გავლენას მოახდენს კავკასიის მიმართ ირანის დიპლომატიაზე და აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ​ ზარიფის ეს ტურნე შესაძლოა, თეირანის გზავნილი იყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი, რომ ირანი მზადაა, გააძლიეროს და ხელახლაც გახსნას ორმხრივი და მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირები. ჩემი აზრით, თბილისში ვიზიტის დროს ზარიფი ყველაზე მეტ ყურადღებას რეგიონულ თანამშრომლობაზე, ირანელი პატიმრების გაცვლაზე, ენერგეტიკასა და წყლის მიწოდების სექტორებში დაუსრულებელ პროექტებზე გაამახვილებს“,– თვლის ანალიტიკოსი.

საქართველო–ირანის სათანამშრომლო სფეროები

როგორც კაზემზადე აღნიშნავს, ირან-საქართველოს ევროპასა და შეერთებულ შტატებთან ირანის ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია და შესაბამისი ტენდენციებით ხასიათდება:

„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო–ირანის ურთიერთობებში იყო აღმასვლაც, დაღმასვლაც სხვადასხვა რეგიონულ და არარეგიონულ მოთამაშეთა კონკურენციისა და თავად ამ ორი ქვეყნის მთავრობების განსხვავებული პოლიტიკის გამო. როდესაც ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება განაპირობებდა, ორმხრივი ურთიერთობები წარმატებული იყო და თანდათან ძლიერდებოდა, სხვა დროს კი დაღმასვლის ტენდენციით ხასიათდებოდა. ეს - იმ ფონზე, რომ ირან-საქართველოს ურთიერთობები ირანის ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია. ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავებისთანავე განმტკიცდა მისი ურთიერთობები საქართველოსთან. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო ირანის ბირთვული შეთანხმება: თუ გახსოვთ, ამ შეთანხმების შემდეგ ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მკვეთრად გაიზარდა როგორც ენერგეტიკის, ასევე ტურიზმის სექტორებში“.

რაც შეეხება სათანამშრომლო სფეროებს, ანალიტიკოსს მიღწევადად მიაჩნია ირანის თანამშრომლობა რეგიონულ ორგანიზაციებთან ("შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა" (BSEC) და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან ტრანსპორტის სფეროში:

„სადღეისოდ ირანსა და საქართველოს კარგი სატრანსპორტო (განსაკუთრებით სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით) ურთიერთობები აქვთ. იგეგმება მისი გაფართოება რკინიგზის მიმართულებითაც და ამ მხრივ შეიძლება, აღინიშნოს ასტარა– ბაქო –ბათუმის მარშრუტი“.

ამასთან, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, სტრატეგიული თვალსაზრისით, ირანი ცდილობს, გაზარდოს გეოგრაფიული ბუფერის როლი (სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანი) საქონლისა და მომსახურების ტრანსპორტირებისა და ენერგიის გადაცემის პროცესში, რამაც შესაძლოა, ორი ქვეყნის საერთო ინტერესი შექმნას.

მისი განმარტებით, "საქართველოს შეუძლია, დაახლოებით ერთი დღის სავალი გზით დაუკავშირდეს ირანის სამხრეთ პორტებს სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში, თუმცა აუცილებელია, ირანში დაუსრულებელი სატრანსპორტო და სარკინიგზო პროექტები დასრულდეს".

შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებებად კაზემზადეს ესახება ასევე ტურიზმი და კულტურული ურთიერთობები. მეტიც, ექსპერტის აზრით, ამან შეიძლება, მომავალში ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი როლი შეასრულოს.

„ორ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობა და საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა ყოველთვის უბიძგებდა ირანელებს ამ ქვეყანაში მოგზაურობისკენ. ამდენად, ვფიქრობ, ირანელ ტურისტებს შეუძლიათ, განსაკუთრებული ადგილი დაიკავონ საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში. ეს ასეც მოხდა ორჯერ - 2012-2013 და 2016-2017 წლებში“.

რეგიონული კონტექსტი

ანალიტიკოსის აზრით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილობრივ მოგვარების შემდეგ საქართველო უფრო მეტად უნდა იყოს შეშფოთებული ორი ძირითადი მიზეზით:

საქართველოს როლის უგულებელყოფა;

ყარაბაღში „მშვიდობის დამყარების“ მოდელი.

„საქართველოს, როგორც აზერბაიჯან-თურქეთსა და სომხეთ-რუსეთს შორის ბუფერის როლი დიდწილად უგულებელყოფილია. სამხრეთ კავკასიის რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში ერევანი რუსეთს - აზერბაიჯანის გავლით, ბაქო კი თურქეთს სომხეთის გავლით დაუკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის კუთხით საქართველოს კონსტრუქციული როლი სამხრეთ კავკასიაში ქრება" - განმარტავს ექსპერტი.

რაც შეეხება მეორე საკითხს - მთიან ყარაბაღში მშვიდობის დამყარების მოდელს, მისი აზრით, ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემცველია: "ეს არის რუსი სამშვიდობოების წარმოდგენილობა კონფლიქტის ზონების საზღვრებზე და ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე".

"ეს საშიში ტენდენციაა, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთს შეუძლია, გაატაროს თავისი უსაფრთხოების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების, განსაკუთრებით ეუთო–ს ზედამხედველობის გარეშე“,– განმარტავს ანალიტიკოსი.

არასასურველი ფორმატებისთვის თავის არიდების გზები

ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცება და რეგიონული ალიანსების (მაგალითად, საქართველო-უკრაინა-მოლდოვა, ან აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) შექმნა, ექსპერტის აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, თავიდან იქნას აცილებული რუსეთის ჩარევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ამასთანავე, იგი შიდა კონსოლიდაციის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ეროვნულმა ერთიანობამ შიდა პოლიტიკის სფეროში შეიძლება, დიდი გავლენა იქონიოს საქართველოს მიმართ მეზობლების რეგიონულ პოლიტიკაზე ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები