Accentnews.ge
რუსეთი აფხაზეთის ენერგოსისტემის ხელში ჩაგდებას გალიდან იწყებს?

რუსეთი აფხაზეთის ენერგოსისტემის ხელში ჩაგდებას გალიდან იწყებს?

24/01/2021 00:16:17 კონფლიქტები

აფხაზეთი მწვავე ენერგოკრიზისს ბოლო 10-15 წელია, განიცდის. მაგრამ გასული 2020 წელი გათიშვების რაოდენობით უპირობო ლიდერად იქცა. მთელი დასახლებული რაიონები დღე-ღამის განმავლობაში 16-16 საათით რჩებოდნენ უშუქოდ.

ზამთარი აფხაზეთში უმთავრესად თბილია, ტემპერატურა იშვიათად ეცემა +4-5 გრადუსზე დაბლა და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, შეზღუდვები სულაც არ უკავშირდება ექსტრემალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებს, - აფხაზური ენერგეტიკის პრობლემები ბევრად ღრმა და რთულია.

ახალ 2021 წელს რესპუბლიკის ხელისუფლებამ შეძლო, მოეხსნა ყველა შეზღუდვა მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მოკლე დროით. ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ რუსულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, რესპუბლიკაში კვლავ შემოიღეს გათიშვების განრიგი, რომელიც ძალიან ხშირად იცვლება. რაც მთავარია, მოსახლეობას მორიგი გათიშვის შესახებ წინასწარ არავინ აფრთხილებს. როგორც იტყვიან, ენერგეტიკოსების სურვილისამებრ. ისედაც ექსტრემალურ პირობებში მცხოვრები მოქალაქეები კი იძულებულები არიან, გაიხსენონ თითქმის სამუზეუმო ექსპონატებად ქცეული შეშის ღუმელები, მეცადინეობა ნავთის ლამპრების შუქზე და საღამოების სანთლით ტარება.

«ჩვენ, მაცხოვრებლები, კვლავ არ ვართ ინფორმირებულები და კვლავ ვსხედვართ გაყინულ ბინებში ბავშვებთან და კორონავირუსთან ერთად. ამ სიგიჟეს დასასრული არ უჩანს. როდემდე გასტანს ეს გათიშვები? რატომ გადავიხადეთ [რუსეთიდან — რედ.} გადმოდინებაში, თუ მაინც 4-4 საათით გვითიშავენ დენს?!», - წერს Telegram-არხზე ჟურნალისტი საიდ ბარგანჯია.

«მეგობრებო, ახალი განრიგია: გათიშვები ყოველ ერთ საათში ერთი საათით! ასეთი კომენტარი გააკეთეს «ჩერნომორენერგოში». პირველ თოვლს გილოცავთ და ახალ წელს», - წერს Facebook-ში ჟურნალისტი ელზა ჩანბა.

და თუ წინა წლებში აფხაზეთის კალეიდოსკოპივით ცვალებად ხელისუფლებებს არაერთგზის გაუკეთებიათ განცხადება ენერგოსისტემაში არსებული რთული ვითარების თაობაზე, 2021 წელს პირველად გაისმა საუბრები «კატასტროფულზე». დარგის კურატორის — ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანის განცხადებით, აფხაზეთის ენერგოსისტემის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მოდერნიზების ყველა გეგმა მხოლოდ ქაღალდზე გაწერილად დარჩა. რესპუბლიკის მოსახლეობა კი კვლავ საათობით ზის უშუქოდ სასწაულის მოლოდინში.

2020 წლის სექტემბერში რუსული კომპანია აფხაზეთში ენერგოდარგის ტექნიკურ აუდიტს ატარებდა. მისი შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ისევე, როგორც თავად კომპანიის სახელი, ამ დრომდე არაა ცნობილი. კრისტინა ოზგანისგან მოსახლეობამ მხოლოდ ის შეიტყო, რომ ეს შემოწმება საშუალებას მისცემდა რესპუბლიკას, პირველხარისხოვანი მოქმედებების პრიორიტეტულობა განესაზღვრა. «ჩვენს წინაშე ორი ძირითადი ამოცანაა: ელექტროენერგიის ეკონომია და ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამჟამად ელექტროენერგიის დანაკარგები დაახლოებით 40%-ს შეადგენს და ის უბრალოდ მიწაში ჩაედინება. მსგავსი ფუფუნების უფლება აღარ გვაქვს», - განაცხადა ოზგანმა ენერგეტიკოსებთან თათბირის დროს და დასძინა, რომ ამ აუდიტის შედეგები აფხაზეთის მთავრობისთვის უახლოეს ხანებში გახდებოდა ცნობილი. მას შემდეგ 3 თვეა გასული, მაგრამ რა ნახეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და რა დასკვნებამდე მივიდნენ ისინი აფხაზეთის ენერგოსისტემის შესწავლის შედეგად — ამ დრომდე უცნობია.

ამასობაში გაჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეისწავლა რეალურად, აუდიტის საფარქვეშ რუსულმა კომპანიამ აფხაზეთში: საუბარია, არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზური ენერგოდარგის რიგი ობიექტების შესყიდვაზე. ზოგიერთი მონაცემებით, დარგი გამიზნულად მიიყვანეს კრიტიკულ ზღვრამდე სხვადასხვა ექსპერიმენტებით, მათ შორის — კრიპტოვალუტის მომპოვებელი ფერმების საქმიანობის დაშვებით. ტექნიკური აუდიტის ჩატარება კი ერთგვარი სტარტია მოლაპარაკებებში რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის უმნიშვნელოვანესი ენერგოობიექტების შესყიდვის საკითხზე. ამ კონტექსტში საუბარია უპირველესად, გალის რაიონში მდებარე ოთხ ჰესზე, რომელიც მრავალი წლის წინ გაიძარცვა და არ მუშაობს. რომელიღაც რუსული კომპანია, რომელიც არსობრივად, რუსეთის ეკონომიკური განვითარების შვილობილ ფირმას წარმოადგენს, გეგმავს, არა მარტო თავიდან ააშენოს ყველა ობიექტი, არამედ თითოეულის გვერდით მონაცემთა შემნახველი და გადამამუშავებელი ცენტრები ჩამოაყალიბოს. ყოველი მათგანი იქნება ცალკე მდგომი შენობა სერვერული დარბაზებით, ტექნიკური ფართებით, რეზერვირებული ინფრასტრუქტურითა და ქსელური/ფიზიკური უსაფრთხოების მკაცრი კონტროლით. ამ ცენტრების მთავარი დანიშნულებაა, უზრუნველჰყონ მათში განსათავსებელი აღჭურვილობის უსაფრთხოება, სტაბილური მუშაობა და დაცული არხები, რომლითაც მონაცემთა გაცვლა განხორციელდება.

სანდოობისა და უსაფრთხოების ხარისხით მონაცემთა დამუშავების ცენტრები 4 კატეგორიად იყოფა. სადღეისოდ უმაღლესი კატეგორია მეოთხეა. ამ სტანდარტის მოთხოვნებში შედის ორმაგი რეზერვირება და მთელი სისტემის სრული დუბლირება. დაცულობის ეს დონე რეკომენდებულია სამხედროებისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობის ფინანსური ორგანიზაციებისთვის. რუსული კომპანია გალის რაიონში 4 ასეთი ულტრათანამედროვე ცენტრის მშენებლობას გეგმავს.

«რაში გვჭირდება მსგავსი ცენტრები? მესმის, რომ რუსეთს სურს, მთელს მსოფლიოს ეომოს, მაგრამ აფხაზეთი რა შუაშია? რა, ჩვენს ქვეყანაში რაიმე სუპერსამხედრო სტრუქტურები არსებობს, რომ მსგავსი ცენტრების მშენებლოა იყოს საჭირო? რაკი აპირებენ აშენებას, ესე იგი, საუბრები იმის შესახებ, რომ ჩვენ რუსეთისთვის ბუფერული ზონა ვართ და სათოფე ხორცი, საფუძვლიანი ყოფილა!», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე არკადი. მისი აზრით, ენერგოდარგი გამიზნულად მიიყვანეს ასეთ სავალალო მდგომარეობამდე, რომ მოსახლეობას მისი გაყიდვისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია.

«რუსეთს არაერთგზის განუხრციელებია ჩვენი ენერგოსისტემის დაუფლების მცდელობა. ჩვენები არ ნებდებოდნენ, დიდი წნეხის მიუხედავად. მაგრამ ამჯერად, ვშიშობ, ვეღარ გავუძლებთ და სახელმწიფოს მაინც მოუწევს, ჩვენი ენერგოსისტემა რუსეთს კაპიკებად ჩააბაროს. ეს კი ნიშნავს, რომ დავკარგავთ ენერგოდამოუკიდებლობას, რაც პირდაპირი გზაა აფხაზური სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ. და დააკვირდით — გზა კარგად გათვლილი, უსისხლო», - დარწმუნებულია ჩვენი თანამოსაუბრე ვიქტორია.

20 იანვარს აფხაზეთის ელექტროენერგიით მომმარაგებელ ერთადერთ წყაროზე — ენგურჰესზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ჰესის ხუთივე აგრეგატი უკვე გათიშულია. დაგეგმილია სადერივაციო გვირაბის შეკეთება. ეს სამ თვეს გასტანს და 1 მაისამდე უნდა დასრულდეს. აღდგენილი იქნება 500-მეტრიანი ავარიული მონავეთი. ბოლოს სადერივაციო გვირაბი თითქმი 15 წლის წინ, 2006 წელს გაარემონტეს. ამჯერად რემონტს ქართული სამშენებლო კომპანია გერმანელი სპეციალისტების პროექტით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების სრული ღირებულება 45 მლნ ევროა. მათგან 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38-მილიონიანი კრედიტი კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო.

ენგურჰესის გაჩერების პერიოდისთვის აფხაზეთი ელექტროენერგიის მოწოდების თხოვნით კვლავ რუსეთს მიმართავს. და ეს ძალზე ცუდი ნიშანია, რადგან ჩვენს ქვეყანას რუსეთისთვის ჯერ წინა მოწოდებების საფასური არ გადაუხდია, ახალში კი დამატებით ასობით მლნ რუბლი ექნება გადასახდელი, რომელიც არ გააჩნია. მაშასადამე, უახლოეს პერიოდში ენერგოსისტემის გაყიდვის საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში.

და ის ფაქტი, რომ რუსული კომპანია ჰესების აღდგენითა და მონაცემთა გადამუშავების ცენტრების მშენებლობით დაკავდება, მხოლოდ ადასტურებს რუსეთის განზრახვას, აფხაზეთს ენერგოდამოუკიდებლობა წაართვას და მასსა და მის მოქალაქეებზე სრული კონტროლი დაამყაროს.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S