ბაიდენი ტრამპის მიერ გაუქმებულ აკრძალვას დღეს აღადგენს

25-01-2021 10:50:52 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროკავშირის შენგენის ზონიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ბრაზილიიდან უცხოელების აშშ-ში ჩასვლის აკრძალვას დღეს აღადგენს. თეთრ სახლში CNN-ს დაუდასტურეს, რომ ჩამონათვალს დაემატება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპიდან და ბრაზილიიდან აშშ-ში ჩასვლაზე შარშან დაწესებული შეზღუდვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა 18 იანვარს, უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე.

ჯო ბაიდენის პრესმდივანმა იმავე დღეს განაცხადა, რომ სამედიცინო გუნდის რჩევით, ბაიდენის ადმინისტრაცია შეზღუდვას აღადგენს და COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად ზომების გაძლიერებასაც გეგმავს.

აშშ-ში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 25 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 419 200-ს აჭარბებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები