რა შესაძლებლობებით აღიჭურვება ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების დრონი

25-01-2021 16:05:12 ეკონომიკა ,თავდაცვა

პროექტირების ფაზაში მყოფი სამხედრო დანიშნულების დრონის შესახებ Tam Management-ის დირექტორის მოადგილე მიხეილ როგავამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.

ქართული წარმოების დრონს შეეძლება:

  • სადაზვერვო კონფიგურაციით 72 საათის განმავლობაში უწყვეტად ფრენა;
  • 350 კილოგრამის შეიარაღების ტარება;
  • ჯავშანტექნიკისა და შენობა-ნაგებობების განადგურება.

Tam Management-ის საავიაციო საწარმო სამხედრო და სადაზვერვო დანიშნულების უპილოტო ხომალდის შექმნაზე გასული ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალ დრონს კომერციალიზაციის კარგი შესაძლებლობები ექნება და მისი მახასიათებლებით უცხოელი მყიდველებიც უნდა დაინტერესდნენ.

„ჩვენი დრონი პირველ რიგში, სამხედრო დანიშნულებისაა: მას შეეძლება, სადაზვერვო მისიები შეასრულოს, აგრეთვე განახორციელოს საზღვრების კონტროლი და გაუწიოს დახმარება საარტილერიო ქვედანაყოფებს საბრძოლო ველზე, რათა მიზნის კორექტირება მოახდინოს.

ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ჩვენ დროს შეეძლება სადაზვერვო კონფიგურაციით 72 საათი იფრინოს დამატებითი საწვავის ავზებით. აგრეთვე, მას შეუძლია 350 კილოგრამი შეიარაღების ტარება, რომელიც არის მართვადი და არამართვადი და შეუძლია გაანადგუროს მეტოქის, როგორც ცოცხალი ძალა აგრეთვე ჯავშანტექნიკა და შენობა-ნაგებობებიც. გათვალისწინებულია, რომ მას ექნება თანამედროვე სანავიგაციო მოწყობილობები, აგრეთვე სამიზნე ოპტიკური სისტემა და შეუძლია იყოს ერთ-ერთი დომინანტი საბრძოლო ველზე. ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის შეგვექმნა ეს პროექტი", - აცხადებს მიხეილ როგავა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები