
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“ მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრნენ
26/01/2021 07:57:08 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“ მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრა.
როგორც "აქცენტს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, "ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა".
უწყების ცნობით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში, ბაზა „შვარცენბორნზე“ ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნით მომზადებას პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებში ხუთი თვის განმავლობაში გაივლიან. გერმანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ქართული ქვედანაყოფი როგორც ოცეულის, ასევე ასეულის დონეზე, კომბინირებულ და სიტუაციურ სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი მშვიდობისმყოფელები სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართული ქვედანაყოფი როტაციის წესით მე-3 ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების საკითხები და ოპერაციის რაიონის პატრულირება იქნება.