
ჩეჩნეთის მკვიდრს 21 წლის წინ მომხდარის გამო ასამართლებენ
26/01/2021 11:05:22 კავკასია
ჩეჩნეთის მკვიდრ რუსტამ განიევს 21 წლის წინ მომხდარი ფაქტის გამო ასამართლებენ. კერძოდ, მას ბრალად ედება ჩეჩნეთში 2000 წლის 29 თებერვალს ფსკოვსკის სადესანტო დივიზიის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმაში მონაწილეობა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ განიევი იბრძოდა ჩეჩენ საველე მეთაურ შამილ ბასაევთან ერთად და მედესანტეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროდა. თავდასხმისას ოფიციალური მონაცემებით, 84 სამხედრო დაიღუპა, ოთხი დაიჭრა.
დაკავებულს რუსული გამოძიება ედავება: ბანდის წევრობას, შეიარაღებულ ამბოხს და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის ხელყოფას.
საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, რომ წარსულში ხსენებული ინციდენტისთვის პასუხისმგებაში 14 მოქალაქე მიეცა, მათ შორის – უკრაინის მკვიდრიც. მათ მრავალწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.